28 ნოემბრის შემდეგ, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისა და მსვლელობის დროს გზის გადაკეტვის ბრალდებით სამართალდარღვევის ოქმი ათობით მოქალაქეს შეუდგინეს. სასამართლო განხილვები კი, უმეტესად მოქალაქეების გაზრდილი სახდელით, 5000 ლარით დაჯარიმებით სრულდება. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა შსს-ს სასამართლოში მყარი მტკიცებულებები წარდგენილი.
იურისტი, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში იმ რჩევებს აზიარებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დაგაჯარიმებენ. bm.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
"გზის გადაკეტვაზე ჯარიმას ვისაც დაგიწერენ და ოქმს ჩაგაბარებენ, მომწერეთ და საჩივრის ნიმუშს გამოგიგზავნით, მარტივად რომ შეძლოთ გასაჩივრება.
გასაჩივრება ორი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი:
- სისტემა რომ გადავტვირთოთ და სხვების დასაჯარიმებლად ნაკლები რესურსი დავუტოვოთ რეჟიმს;
- ჯარიმის გასაჩივრებით მის მოქმედებას გავაჩერებთ მანამდე, სანამ საჩივრის განხილვა არ დასრულდება (ჯერ შსს-ში, შემდეგ კი სასამართლოში ორ ინსტანციაში). ეს კი გადატვირთული სისტემის პირობებში ცოტა ხანს არ წაიღებს", - წერს იურისტი.
ჯარიმის შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის ინსტრუქციას აქვეყნებს იურისტი გოგა ხატიაშვილიც.
"ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციით, "შეკრების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა უნდა შეესაბამებოდეს მათი ქმედების ხასიათს, უნდა იყოს აუცილებელი, პროპორციული და არადისკრიმინაციული"
რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც შსს გზის გადაკეტვაზე ან სხვა სამართალდარღვევაზე შეგვიდგენს ოქმს
ახალი რეპრესიული ცვლილებების თანახმად (7 თებერვლიდან შევიდა ძალაში), შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საქმეები აღარ მიდის სასამართლოში და ჯარიმას პირდაპირ პოლიცია აკისრებს.
ასეთ სამართალდარღვევებს შორისაა: ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აქციაზე ლაზერის ქონა, ან სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა.
პირველი ნაბიჯი - როგორც წესი, შსს-დან ურეკავენ მოქალაქეს და ეუბნებიან, რომ მის წინააღმდეგ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, მივიდეს პოლიციაში და ჩაიბაროს. მოითხოვეთ, რომ წერილობითი დოკუმენტი (ოქმი) საცხოვრებელ მისამართზე გამოგიგზავნოთ.
მოქალაქეთა ნაწილს ოქმი სახლში მიუტანეს. ეს შეიძლება ჩაბარებად ჩაითვალოს. ოქმი შეიძლება ჩაიბაროს სრულწლოვანმა ოჯახის წევრმაც. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციას სახლში არავინ დახვდა, ეს ჩაბარებად არ ჩაითვლება და შსს-ს კიდევ ერთხელ აქვს ოქმის ჩასაბარებლად გაგზავნის ვალდებულება. მეორედ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შსს საჯაროდ აქვეყნებს საჯარიმო ქვითარს, რაც უკვე ჩაბარებად ითვლება.
მეორე ნაბიჯი – რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების უფლება ჯერ ზემდგომ თანამდებობის პირთან (შსს-ში), შემდგომ - სასამართლოში, ან პირდაპირ სასამართლოში.სამართალდარღვევის ოქმი შსს-ში უნდა გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო შსს-ს აქვს 30 დღიანი ვადა გადაწყვეტილების მისაღებად.
შსს-ში გასაჩივრების შემდეგ, მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროთ საქალაქო/რაიონულ სასამართლოში, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. საბოლოოდ კი, საქალაქო/რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდეს.
დაჯარიმების შემთხვევაში, თუ მას არ გაასაჩივრებთ, ჯარიმის გადახდის ვადა არის 30 დღე. ვადის გასვლის შემდეგ იწყება იძულებითი აღსრულება.
გასაჩივრება აჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.საჩივრის ფორმა შეგიძლიათ იხ.
მოითხოვეთ სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება", - წერს ხატიაშვილი.
ჯარიმა გზის გადაკეტვაზე 5000 ლარი - სულ რამდენ პირს აქვს საქართველოში 4800 ლარზე მეტი ხელფასი?