იმის გამო, რომ მოსახლეობას დაბალფასიანი მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე წვდომა გაზრდოდა, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში მედიკამენტების იმპორტიორი ქვეყნების სიას თურქეთი დაემატა.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების წყალობით მოსახლეობა ათობით მილიონ ლარს ზოგავდა. ადამიანების გარკვეულმა რაოდენობამ აღნიშნული გადაწყვეტილებით მართლაც ისარგებლა თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის ამბულატორიული მედიკამენტების მაღალი ღირებულება კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.
როგორ შეიძლება შემცირდეს მედიკამენტებზე დანახარჯები? – ამაზე „საქმის კურსში“ კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა გიორგი კამკამიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, დაბალფასიანი მედიკამენტების შემოტანის პარალელურად, რაც საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის ბაზრის გახსნით განახორციელა, რეცეპტების სისტემის რეალური ამუშავებაა საჭირო.
ამასთან, ის ამბობს, რომ იმ იაფ მედიკამენტებს, რომელიც თურქეთიდან შემოდის, შესაძლოა სულაც არ მოიცავდეს პაციენტისთვის ექიმის მიერ დანიშნული რეცეპტი.
„არა მარტი დაბალ ფასიანი პრეპარატების შემოტანა ამას თან უნდა ახლდეს, იგივე რეცეპტის სისტემის რეალურად ამუშავება. ეს სისტემა შექმნილია და ამასთან დაკავშირებით ბრძანებაც გამოცემულია თუმცა ის რეალურად არ სრულდება. აფთიაქში ნებისმიერი ადამიანი მედიკამენტებს კვლავ თავისუფლად ყიდულობს, რაც ჭარბი მედიკამენტების შეძენას და გამოყენებას იწვევს.
ასევე უნდა გაუმჯობესდეს სადაზღვევო სისტემა - განსაკუთრებით ეს ამბულატორიულ პაციენტებს ეხება, (ნაკლებად ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს). იმას ვგულისხმობ,რომ ჯიბიდან დიდი ნაწილის გადახდა ხდება და სადაზღვევო სისტემის მხრიდან მცირე ნაწილი იფარება.
ასევე, ე.წ თურქული პრეპარატების შემოტანა ისეთ სექტორში მოხდა, სადაც პრეპარატები უკვე არსებობდა (ჭარბი იყო და კიდევ დაემატა) ეს ის პრეპარატებია, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება და კომერციულად ყველაზე მომგებიანია და შესაბამისად ფასების შემცირება მოხდა, მაგრამ ეს ძალიან მცირე ნაწილია იმ საჭიროებების, რაც ჩვენ პაციენტებს სჭირდებათ. დანიშნული პრეპარატების სპექტრი გაცილებით დიდი და ბევრია, რაც იმ ჩამონათალში არ შედის“, - ამბობს იგი.
კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა ისაუბრა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაცია და შავი ბაზრის არ არსებობა, რისი პრობლემაც მისი თქმით დღესდღეობით საქართველოში არის.