ევროკავშირის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ნორვეგია პარალელური ზომების მიღებას განიხილავს. გამომდინარე იქიდან, რომ ნორვეგია არაა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სკანდინავიური სახელმწიფო ცალკე იღებს გადაწყვეტილებას.
ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ნორვეგიამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა ზომებით უპასუხა. ნორვეგიის მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები შემდეგია:
- არ არის ახალი პროექტები საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით;
- შემცირდა საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალმხრივი არხებით თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერის, გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა;
- შეჩერდა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა;
- შემცირდა კონტაქტები პოლიტიკურ დონეზე.
Bm.ge გთავაზობთ საქართველოსა და ნორვეგიის კავშირების მიმოხილვას რიცხვებში.
ვაჭრობა
ნორვეგიასა და საქართველოს შორის 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა შემცირდა და 17,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 18,4 მლნ აშშ დოლარი იყო.
სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე წილი უკავია, რაც გასულ წელს 3,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა ეს მაჩვენებელი რეკორდულია და 2023 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის ოთხჯერაა გაზრდილი.
რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს ნორვეგიიდან იმპორტი შემცირდა და 13,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელს 17,3 მლნ აშშ დოლარი იყო.
ნორვეგიიდან ძირითადი საიმპორტო საქონელი თევზია, ხოლო საექსპორტო საქონელი - ფეროშენადნობები.
TOP-5 საექსპორტო საქონელი:
- ფეროშენადნობები - 3,4 მლნ აშშ დოლარი - 4,001 ტონა
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 462.45 ათასი აშშ დოლარი - 108 ტონა
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 44.97 ათასი აშშ დოლარი - 50 ტონა
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 4.91 ათასი აშშ დოლარი - 0.01 ტონა
- ლუდი - 4.34 ათასი აშშ დოლარი - 0.83 ტონა
TOP-5 საიმპორტო საქონელი:
- გაყინული თევზი - 5,3 მლნ აშშ დოლარი - 2 059 ტონა
- თევზის ფილე და თევზის სხვა ხორცი ახალი, გაცივებული ან გაყინული - 2,3 მლნ აშშ დოლარი - 740 ტონა
- თევზი ახალი ან გაცივებული - 2,8 მლნ აშშ დოლარი - 242 ტონა
- ნიტრიტები; ნიტრატები - 83.65 ათასი აშშ დოლარი - 120 ტონა
- თუთქი, რომელიც რჩება მერქნის ცელულოზის დამზადებისას - 53.98 ათასი აშშ დოლარი - 96 ტონა
FDI
ნორვეგიიდან საქართველოში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მცირეა. გასული წლის ჯამური მაჩვენებელი ჯერ უცნობია. თუმცა I კვარტალში უმნიშვნელო - 1.5 ათასი დოლარი იყო, მეორე კვარტალში უარყოფითი -15.5 ათასი დოლარი, III კვარტალში კი ნორვეგიულმა FDI-მ 781,3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება 2023 წელს, ასევე უარყოფითი იყო ნორვეგიული ინვესტიციების მაჩვენებელი (-167.6 ათასი აშშ დოლარი), 2022 წელს კი დადებითი 189 ათასი აშშ დოლარი.
ტურიზმი
ნორვეგიიდან არც ტურიზმის მაჩვენებლებია მაღალი. თუმცა გასულ წელს ზრდა შეინიშნებოდა. კერძოდ, 2024 წელს საქართველოს 5 110 ნორვეგიელი ტურისტი ეწვია, რაც 2023 წელთან შედარებით 13.8%-ით მეტია.