მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი ეკონომიკური კავშირები გვაქვს UK-სთან, რომლის ელჩიც საგარეო უწყებაში მეორედ დაიბარეს

გაერთიანებული სამეფო

გერმანიის ელჩის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროში, 25 სექტემბერს, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი, გარეთ უორდიც დაიბარეს. აღსანიშნავია, რომ გარეთ უორდი საგარეო უწყებაში 2024 წლის დეკემბერშიც დაიბარეს, სადაც ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო. ამჯერად სამინისტროს საჯარო განცხადება არ გაუვრცელებია იმის შესახებ, თუ რა გახდა ელჩის დაბარების მიზეზი ან რა საკითხები განიხილეს.

Bm.ge გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ.

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს გაერთიანებული სამეფოდან 18 904 ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. 2024 წელს ჯამურად, გაერთიანებული სამეფოდან 32 372 ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიის შემდგომ რეკორდული მაჩვენებელი იყო, თუმცა კვლავ ვერ აღდგა 2019 წლის დონემდე, როდესაც მაჩვენებელი 37 478 იყო.

გაერთიანებული სამეფოდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები

საგულისხმოა, რომ 2025 წლის 30 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე British Airways შემოვიდა, ასევე აპრილიდან ფრენები დაიწყო ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანია EasyJet-მა. საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში სამოგზაუროდ ვიზა სჭირდებათ.

საგარეო ვაჭრობა

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარი-აგვისტოში გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო ბრუნვამ 471.4 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც ძირითადი ნაწილი 461.5 მლნ დოლარი იმპორტზე მოდის. ექსპორტი კი მხოლოდ 9.9 მლნ დოლარს შეადგენს. მიმდინარე წლის 8 თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მკვეთრად, 400%-ზე მეტად გაიზარდა, რაც იმპორტის მატების ხარჯზე მოხდა. ეს კი თავის მხრივ წელს სურათების და ნახატების გაზრდილი იმპორტით არის განპირობებული.

TOP-5 საიმპორტო პროდუქტი:

  • სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული - 313.1 მლნ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 42.5 მლნ დოლარი;
  • საფრენი აპარატები სხვა - 23.8 მლნ დოლარი;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 15.3 მლნ დოლარი;
  • ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 7.1 მლნ დოლარი.

TOP-5 საექსპორტო პროდუქტი შემდეგია:

  • ფეროშენადნობები - 4.8 მლნ დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 995.1 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 957.8 ათასი დოლარი;
  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 741.2 ათასი დოლარი;
  • მანგანუმის ოქსიდები - 522 ათასი დოლარი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

გაერთიანებული სამეფო ლიდერია საქართველოში შემოსული ინვესტიციების სტატისტიკაში. გასულ წელს გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 431.1 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. გაერთიანებული სამეფოდან პირველი FDI 1997 წელს შემოვიდა, მაქსიმალური 650.7 მლნ დოლარი კი 2022 წელს დაფიქსირდა.

2025 წლის მეორე კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, 242.7 მლნ. აშშ დოლარის FDI გაერთიანებული სამეფოდან მიიღო. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოზე FDI-ის 41.8% მოდის. პირველ კვარტალში კი ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და -53.9 მლნ დოლარი შეადგინა.

ფულადი გზავნილები

ეროვნული ბანკის უახლესი მონაცემებით, აგვისტოში გაერთიანებული სამეფოდან 6.5 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც წლიურად 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იანვარ-აგვისტოში კი 37.8 მილიონი დოლარია გადმორიცხული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები