საპარლამენტო ფრაქცია ევროოპტიმისტების წევრმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი წარადგინა. სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის მიერ მომზადებული კანონპროექტი ეროვნული ბანკის საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერებისკენ არის მიმართული. არსებული კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში თუკი სებ-ის საბჭოს წევრებს შორის ხმები გაიყოფა, გადამწყვეტი ხმა სებ-ის პრეზიდენტს აქვს, რომან გოცირიძის კანონპროექტი კი ხმების დათვლის ახალი სისტემის შემოღებას ითვალისწინებს. კიდევ ერთი ცვლილება, რასაც კანონპროექტი მოიცავს არის საბჭოს სავალდებულო შეხვედრების რაოდენობის გაზრდა, ამჟამად არსებული ყოველკვარტალური შეხვედრებიდან ყოველთვიურ შეხვედრებამდე.
რომან გოცირიძის კანონპროექტი მოიცავს ჩანაწერს, რომ სებ-ის საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებს დაემატოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომპონენტიც, რაც საერთაშორისო სანქციების აღსრულების განმტკიცებისკენ უნდა იყოს მიმართული.
"კანონპროექტი ასევე შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს ინსტიტუტის გაძლიერებას იმ თვალსაზრისით, რომ საბჭო შეიკრიბება უფრო ხშირად, ვიდრე კვარტალში ერთხელ, როგორც ამას კანონის მოქმედი რედაქცია აწესებს. კერძოდ: ეროვნული ბანკის საბჭო კანონპროექტის მიღების შემდგომ შეიკრიბება თვეში ერთხელ, რითაც მოხდება აღნიშნული ორგანოს ფუნქციონირების გაუმჯობესება და დამოუკიდებლობის გაზრდა.
კანონპროექტის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციებში დაემატება "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების საკითხების თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხილვისა და დამტკიცების უფლებამოსილება.
აღნიშნული საკითხის დამატება განპირობებულია იმ გახმაურებული ფაქტით, როდესაც აშშ-ის მთავრობის მიერ მოხდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის - ოთარ ფარცხალაძისათვის სანქციების დაწესება. ამის შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა - ნათია თურნავამ გამოსცა საგამონაკლისო ბრძანება, რომლითაც ეროვნულმა ბანკმა შეცვალა სანქციების შესრულების წესი, რის საფუძველზეც ოთარ ფარცხალაძემ მოახერხა ანგარიშებზე წვდომა და სანქციებისგან თავის არიდება. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე სანქციები საქართველოს მოქალაქეზე გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.