მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთულია საზოგადოების დარწმუნება, რომ სებ-ის დამოუკიდებლობა რეალურია" - რა უნდა გაკეთდეს IMF-ის მისიის გაგრძელებისთვის?

ლექსო ალექსიშვილი

IMF-ის პროგრამა კვლავ შეჩერებულია. რა მნიშვნელობა აქვს ფონდის პროგრამას ქართული ეკონომიკისა და პოლიტიკის სტაბილურობისთვის და რა უნდა გაკეთდეს მის გასაგრძელებლად BMGtv-ის გადაცემაში ,,წერტილი" PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.

ლექსო ალექსიშვილის თქმით, ფონდის ყოფნა და მათთან თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი სიგნალია დანარჩენი სამყაროსთვის.

"სავალუტო ფონდის პროგრამის არსებობა არ არის დაკავშირებული მხოლოდ ფულთან და არასწორია მსჯელობა, რომ ფონდი გვჭირდება მხოლოდ მაშინ, თუ ფული გვჭირდება და როცა არ გვჭირდება ფული, თითქოს არ გვჭირდება ფონდი. ფონდის ყოფნა და მათთან თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი სიგნალია დანარჩენი სამყაროსთვის. ამიტომ, სავალუტო ფონდთან ურთიერთობა ცალსახად მნიშვნელოვანია და გვჭირდება.

მეორე საკითხია რამდენად მარტივი, ან რთულია. მე ვთვლი, რომ არ არის მარტივი, სწორედ იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რის გამოც გაჩერდა პროგრამა. ეს ეხება ორ საკითხს, ერთია უშუალოდ ეროვნული ბანკის კანონი, რომელშიც მმართველობითი სისტემა ქართულ მიდგომასთან შედარებით განსხვავებული იყო. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, ეროვნული ბანკის, როგორც ასეთის ინსტიტუციონალურად დამოუკიდებლობის საკითხი. ერთია, როცა სტრუქტურულად სწორადაა რამე აწყობილი და მეორეა, რეალობა რას ამბობს ამის შესახებ" - განაცხადა ალექსიშილმა.

,,წერტილის" წამყვანის, კითხვაზე, გააღრმავა თუ არა დამოუკიდებლობაზე კითხვები ე.წ. საგამონაკლისო ბრძანებამ, pmcg-ის გენერალური დირექტორი პასუხებს, რომ ეს ცალსახაა.

"ჩემი აზრით, ცალსახად გააღრმავა. არა იმიტომ, რა შინაარსია გამონაკლის ბრძანებაში, ან იქ რა წერია. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია ამ ბრძანების მიღების ფორმა და კომუნიკაცია გარე სამყაროსთან. მათ შორის, სავალუტო ფონდთან, საზოგადოებასთან და ა.შ. ეს იმდენად დახურულ კადრს მიღმა და სწრაფად მოხდა, რომ გააჩინა კითხვები, იღებს თუ არა ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, თუ მიჰყვება ვიღაცის კარნახს.

თუ ამ გადაწყვეტილებამ ვინმე დააზარალა, პირველ რიგში სებ-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა. ძალიან ძნელია ახლა საზოგადოების იმაში დარწმუნება, რომ დამოუკიდებლობა რეალურია. ამის დასაბუთება რთული პროცესია. მე არ მგონია, რომ imf-ის დაბრუნება ძალიან დიდი დროის პროცესი იყო, მაგრამ დრო ნამდვილად დასჭირდება. მთავარი ნება და თანმიმდევრულობაა. მთავარი ერთია, რაც მკაფიოდ უნდა აღვნიშნო, სამწუხაროდ, პოლარიზებული პოლიტიკური სივრცის გამო, სტაბილურობის ყველაზე მყარი გარანტი ჩვენი უცხოელი პარტნიორები არიან. იქნება ეს არჩევნები, თუ ეკონომიკური პოლიტიკა", - განაცხადა ალექსიშვილმა ,,წერტილში".

ინფორმაციისთვის: IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. კანონის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავა აირჩია. IMF-ი კი, აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ იყო, რაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები