მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი საწვავის ექსპორტის შეზღუდვას კვლავ განიხილავს - მიზეზი მსოფლიოში ნავთობის მზარდი ფასია

ექსპორტი

რუსეთი საწვავის ექსპორტის შეზღუდვას კვლავ განიხილავს. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ანტონ რუბცოვის განცხადებით, თუ მსოფლიოში ნავთობზე ფასმა ზრდა განაგრძო, რუსეთმა შესაძლოა ზოგიერთი სახეობის საწვავის ექსპორტი აკრძალოს.

"პრიორიტეტი ენერგორესურსების ფასებზე მკაცრი მონიტორინგი და შიდა ბაზრის შეუფერხებელი მომარაგებაა. უნდა განისაზღვროს, რამდენად ეფექტურად არეგულირებს ფასებს არსებული დემპფერი. თუ მისი რესურსი ამოიწურება, მზად უნდა ვიყოთ დამატებითი ბერკეტების ასამუშავებლად. ფასების ზრდის გაგრძელების შემთხვევაში, საბირჟო ტარიფებზე ზედა ზღვრის დაწესების პრაქტიკას დავუბრუნდებით. ამ ეტაპზე, ბაზარზე არსებული ვითარება საწვავის სექტორის ყველა რგოლის მოგებიანობას უზრუნველყოფს", - განაცხადა რუბცოვმა, რომლის კომენტარსაც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS ავრცელებს.

მცირედი კლების მიუხედავად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება. ბოლო ერთ თვეში ნედლი ნავთობი 42%-ით 95 დოლარამდეა გაძვირებული. თვის ჭრილში 50%-იანი მატებაა Brent-ის ტიპის ნავთობზე, რომლის ფასი ბარელზე თითქმის 108 დოლარს აღწევს.

რეკორდულად გაძვირებულია რუსული Urals-ი, რომლის ფასიც ბარელზე 110 დოლარს აჭარბებს, ბოლო ერთ თვეში ურალსი 77%-ით არის გაძვირებული. 94 დოლარად ივაჭრება WTI-ი [West Texas Intermediate].

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი სწრაფად მიიწევს ისტორიული ნიშნულებისკენ, რეკორდული მაჩვენებლები ჯერაც არ დაძლეულა. ბოლოს ნავთობზე პიკური ფასი 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდში დაფიქსირდა, რა დროსაც ბარელი Brent-ის ღირებულებამ 139 დოლარს მიაღწია.

13 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი თვით გააუქმა. ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება, რამაც მსოფლიო ბირჟაზე ნავთობი მნიშვნელოვნად გააძვირა.

გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის ბოლომდე რუსეთიდან დიზელის ექსპორტი იკრძალებოდა.

„გადაწყვეტილება მიღებულია. უახლოეს მომავალში ჩვენ ბენზინის ექსპორტის აკრძალვას წლის ბოლომდე გავახანგრძლივებთ, ამასთან, წლის ბოლომდე დიზელის საწვავზე ექსპორტი არამწარმოებელი კომპანიებისთვის აიკრძალება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ადგილობრივი ბაზარი ნავთობპროდუქტებით უზრუნველვყოთ“, - აცხადებდა 2025 წლის სექტემბერში რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები