რუსეთიდან დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი ავიარეისი 3 მაისს შესრულდება. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იტყობინება.
უწყების ცნობით, სოხუმის მიმართულებით პირველი რეისი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან შედგება. მას ავიაკომპანია UVT AERO შეასრულებს და ბილეთის ფასი დაახლოებით 560 ლარია (17 104 რუბლი), ხოლო 6 მაისს ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმში ფრენებს ავიაკომპანია Ikar-ი დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანია ევროკავშირის მიერაა სანქცირებული.
„ტრანსპორტის სამინისტროსა და როსავიაციის მიერ რუსულ ავიაკომპანიებთან ერთად ჩატარებული მუშაობის შედეგების საფუძველზე, სოხუმში ფრენების ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო“, - ნათქვამია სამინისტროს ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, "როსავიაციამ" სოხუმის მიმართულებით ფრენების ნებართვა ორ რუსულ ავიაკომპანიას iFly-სა და Nordstar-ზე მისცა. თუმცა აღნიშნული ავიაკომპანიები როდის დაიწყებენ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით რეისების შესრულებას, უცნობია.
შეგახსენებთ, სოხუმის აეროპორტი 1993 წლის შემდეგ დახურულია. 2023 წლის ზაფხულში კი, რუსულმა და აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ სოხუმის აეროპორტის აღდგენის შეთანხმებას მიაღწიეს. სატესტო ფრენა მოსკოვიდან სოხუმში მიმდინარე წლის თებერვალში შესრულდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში BMG-ის განუცხადეს, რომ “სააგენტო მუდმივად უზრუნველყოფს კოორდინაციას ICAO-სთან ე.წ. სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობის შესახებ".
ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ სოხუმის ე.წ. აეროპორტის ამოქმედებაა უკანონოა და უცხო ქვეყნის ავიაკომპანია, რომელიც ფრენას შეასრულებს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, დაარღვევს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს.