PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გიორგი ხიშტოვანი BM.GE-სთან რუსეთ-საქართველოს ვაჭრობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოფიციალური სტატისტიკის შეფასება რეალურად რთულია.
მისი ინფორმაციით, რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა ექსპორტის ნაწილში არის ბევრად მაღალი, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა ამბობს.
„რეალურად რამდენს ვვაჭრობთ რუსეთთან, არ ვიცით. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა ექსპორტის ნაწილში არის ბევრად მაღალი, ვიდრე ამას სტატისტიკა გვეუბნება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პროდუქციის საბოლოო დანიშნულება, რომლებიც ყირგიზეთში ან ყაზახეთში გადადის, არის რუსეთი. შეიძლება რაღაც ნაწილი ყირგიზეთსა და ყაზახეთში რჩება, მაგრამ ძირითადი ნაწილი რუსეთში მიდის. შესაბამისად, დაჯამებული რა მოცულობის პროდუქცია გადის საქართველოდან რუსეთში, შეუძლებელია დავადგინოთ.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ სექტორები მნიშვნელოვნად დამოკიდებულები ხდებიან უკვე იმ სტატისტიკითაც კი, რომელიც რუსეთის ბაზარზე გვაქვს. გამოვყოფ რამდენიმეს - ღვინის ბაზარი, წვენების, სპირტის ბაზარი. არის სექტორები, სადაც რუსეთის საბაზრო წილი მთლიან ექსპორტში, დაახლოებით 60-70%-ია. რაც რუსეთის ბაზარზე ამ პროდუქციის მწარმოებლების და ყველა დანარჩენის დამოკიდებულებას ნიშნავს“,- განაცხადა ხიშტოვანმა.
მისივე შეფასებით, რუსეთი არასტაბილური ბაზარია, რომელიც საქართველოს კვარტალურად შეზღუდვებს უწესებს, რაც სექტორში ჩართული წარმომადგენლების მოწყვლადობას ზრდის.