დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომაზე საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. ასამბლეამ, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლების, კლოდ კერნის და ედით ესტრელას ანგარიშის საფუძველზე, რეზოლუცია მიიღო.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც „სერიოზულ ეჭვს ბადებს“ ქვეყნის ერთგულების შესახებ საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ასევე, მზადყოფნაზე, რომ შეასრულოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
ასამბლეის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი „შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან“ და "სრულიად უნდა გაუქმდეს დაუყოვნებლივ“. ასამბლეა ასევე მიუთითებს, რომ ასეთი კანონის საკამათო მიღება არ არის იზოლირებული მოვლენა, მაგრამ კულმინაციაა მთელი რიგი მოვლენებისა, რომლებიც აშკარად მიუთითებს ქვეყნის დემოკრატიულ უკან დახევაზე და ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს.
ამასთან, ასამბლეამ გამოხატა ღრმა შეშფოთება პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული და არაპროპორციული გამოყენების, ასევე, ძალადობრივი თავდასხმებისა და დაშინების კამპანიების გამო დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტის წევრების მიმართ და მოუწოდა ხელისუფლებას დაიცვას ყველა მომიტინგის უსაფრთხოება.
რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული ვენეციის კომისიის მოსაზრების მიუხედავად, საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე. რეზოლუცია ასევე გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.
ასამბლეამ გამოთქვა იმედი საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისა და შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. მან გაიმეორა თანამშრომლობისა და კონსტრუქციული და ღია დიალოგისადმი მზადყოფნა ხელისუფლებასთან, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან და საქართველოს საზოგადოების სექტორთან, ბოლოდროინდელი უკან დახევის შემოსაბრუნებლად.