მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი მომავალი" - ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი პროტესტს უერთდება

ზუგდიდის უნივერსიტეტი

ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი "რუსული კანონის" წინააღმდეგ პროტესტს უერთდება. განცხადების მიხედვით, კანონპროექტი ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, ამიტომ მას უნდობლობას უცხადებენ.

"ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გვსურს საჯაროდ და მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია!

უნდობლობას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომლისკენაც მიილტვის საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა.

სრულიად ვიზიარებთ საერთო, სახალხო სწრაფვას ევროკავშირისაკენ და მზად ვართ, ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და სწორი მისწრაფებებით.

ჩვენთან ერთად არიან სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათთან ერთად ვიდგებით ამ ბრძოლაში და არ დავთმობთ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალსა და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.

საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ამის პირობას ვდებთ ჩვენ, თავისუფალ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები ზუგდიდიდან, რომელიც ასე ახლოსაა აფხაზეთთან და ყველაზე კარგად ესმის, რას ნიშნავს რუსეთის კლანჭებქვეშ ცხოვრება.

რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი, სტუდენტების მომავალი. ილახება ყველა ის ღირებულება თუ ფასეულობა, რომელსაც უნივერსიტეტის კედლებში ვსწავლობთ. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ სტუდენტებს, ლექტორებს, რექტორს, საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებსა და ზოგადად თითოეული პროფესიისა თუ თაობის წარმომადგენელს, დადექით ჩვენს გვერდით! აირჩიეთ ნათელი, ევროპული მომავალი, აირჩიეთ ქვეყნის სწორი კურსი. დადექით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის სადარაჯოზე. ენა, მამული, სარწმუნოება და ქართველი ხალხის ერთობა ყოფილიყოს ჩვენი მოტივატორი!

„არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე“

არა რუსულ კანონს!!

კი ევროპას!!!

რუსეთი ოკუპანტია

აფხაზეთი საქართველოა",- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 13 მაისიდან, "რუსული კანონის" გაპროტესტების მიზნით, საქართველოს არა ერთი უნივერსიტეტის სტუდენტების და ლექტორების ნაწილი იფიცება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები