მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საბანკო კრედიტის დასაფარად მიკროსაფინანსოდან მომიწია სესხის აღება"|სვანეთის ტურიზმის პრობლემები

გოჩა ჭელიძე

"ზამთრის ტურისტულ სეზონზე, მესტიაში მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უნდა უვლიდნენ, მაგრამ სვანეთში, დღეს ეს მოცემულობა არ გვაქვს", - ამ შინაარსის ვიდეო მკვლევარმა, საოჯახო სასტუმრო „შალეს“ თანამფლობელმა გოჩა ჭელიძემ მესტიაში ჩაწერა, სოციალურ ქსელში ატვირთა, თან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მოუწოდა, მოიწვიოს საერთაშორისო მედია სვანეთის ტურიზმის პოპულარიზაციისთვის.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, სვანეთის სასტუმროების 99% გადახდისუუნარო ხდება. ვერც საგადასახადო ვალდებულებებს და ვერც საბანკო ვალდებულებებს ვერ შეასრულებს. ძალიან დიდი თხოვნაა, ვეცადოთ ამ საკითხის [მოგვარებას]", - ამბობდა გოჩა ჭელიძე რამდენიმე კვირის წინ ატვირთულ ვიდეოში.

ტურისტების სიმცირე და შესაბამისად, სასტუმრო ბიზნესის პრობლემები ტურიზმის ადგილობრივი ინდუსტრიის წარმომადგენელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილშიც“ დაადასტურა.

„დღეს რომ საბანკო კრედიტი აიღო სვანეთის ბიზნესთან დაკავშირებით, შანსი არის ნული ან ძალიან მცირეა... ბანკები სვანეთში კრედიტებს აღარ იძლევიან. მე, მაგალითად, საბანკო კრედიტის დასაფარად რამდენჯერმე მომიწია მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის აღება, რაც კიდევ უფრო ძვირია... ეს ძალიან დიდი პრობლემა არის სვანეთში ტურისტული ბიზნესის გასავითარებლად“, - აღნიშნა მან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია სვანეთის პოპულარიზაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ბიზნესის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სვანეთს აკლია აგრესიული და მიზნობრივი რეკლამა. მისი თქმით, მაშინაც კი, როდესაც სხვა კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი) პრობლემები იქმნება, სახელმწიფო სტრუქტურები სვანეთის, როგორც ალტერნატივის, პოპულარიზაციას არ ახდენენ.

გოჩა ჭელიძის რეკომენდაციაა, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოიწვიოს წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებები და მსოფლიოს გააცნოს სვანეთის უნიკალური პოტენციალი - კულტურული მემკვიდრეობა, მუზეუმები და სათხილამურო ტრასები. მისი ხედვით, თეთნულდზე საერთაშორისო დონის შეჯიბრებების ჩატარება და ზაფხულის სათხილამურო ტრასის ათვისება რეგიონს ყოველწლიურად დამატებით 1 მილიონ მაღალბიუჯეტიან ტურისტს მოუყვანს.

"საბაგირო გზა არის ლაკმუსის ქაღალდი, თუ რა რაოდენობის ტურისტია მოცემულ რეგიონში მოცემულ მომენტში... ეს გზა აჩვენებს ხალხის ნაკლებობას" - ამბობს ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „სვანეთს რეკლამა აკლია“.

„წერტილთან“ ინტერვიუში, გოჩა ჭელიძემ სვანეთში ტურისტების სიმცირის სხვა ფაქტორებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი არასწორი კომუნიკაცია და ინფრასტრუქტურული ხარვეზებია. კერძოდ, როდესაც საგზაო დეპარტამენტი დიდთოვლობის გამო მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის გზის ჩაკეტვაზე აცხადებს, პოტენციური ვიზიტორები ამას მთლიან ბლოკადად აღიქვამენ და ჯავშნებს აუქმებენ, მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი ავტომობილებისთვის გზა ღიაა. გარდა ამისა, რესპონდენტმა ხაზი გაუსვა მაღალი სიმძლავრის ტექნიკის ნაკლებობას. მისი თქმით, გზების გაწმენდას, რაც თანამედროვე ბულდოზერებით რამდენიმე საათშია შესაძლებელი, სვანეთში დღეები სჭირდება, რაც ტურისტულ ნაკადებზე მძიმედ აისახება.

ინტერვიუს დასასრულს, გოჩა ჭელიძემ ხელისუფლებასთან ერთად, მედიასაც მოუწოდა მეტი ყურადღება დაუთმონ რეგიონის პოზიტიურ წარმოჩენას, რათა სვანეთმა შეძლოს თავისი „განძის“ გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

"აზიური ბაზრიდან დიდი მოთხოვნაა, უკვე ერთი თვეა ზაფხულის ჯავშნებსაც ვიღებთ" - სასტუმრო "ბანგურიანი"

"საუბარი, რომ ჩინური ბაზრით დაბალანსდა ევროპული ტურისტული სეგმენტის შემცირება, არასწორია" - ჰოტელიერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები