მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო არბიტრაჟში Neqsol-სა და საქართველოს შორის დავა განახლდა

61b76407f2688
შოთა ტყეშელაშვილი
13.12.21 19:30
1038
Neqsol Holding-სა და საქართველოს მთავრობას შორის, მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში შეტანილი დავის განხილვა განახლდა. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მხარეებმა მორიგების ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტეს, რის შესახებაც მაშინ კომუნიკაციების თავმჯდომარე უფროსი კახი ბექაურიც საუბრობდა, თუმცა როგორც განახლებული საარბიტრაჟო სხდომებიდან ირკვევა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ Neqsol Holding-ის მიერ "კავკასუს ონლაინის" შესყიდვას კომუნიკაციების კომისია "უკანონოს" უწოდებს და აცხადებს, რომ ეს გარიგება მასთან უნდა შეთანხმებულიყო, რაც კომპანიის ინვესტორის მიერ არ მომხდარა.

მიმდინარე წლის 23 ივნისს, კომუნიკაციების კომისიის თავჯდომარე კახა ბექაურმა თქვა, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ ჰქონდა და რომ აზერბაიჯანულმა მხარემ არბიტრაჟში პროცესი შეაჩერა.

“პოზიტიური ცვლილებები ნამდვილად არის. არსებობს წინაპირობები, რომ ურთიერთშეთანხმება მოხდეს. პოზიტიური ნაბიჯი იყო, როდესაც აზერბაიჯანულმა მხარემ საერთაშორისო არბიტრაჟში შეაჩერა პროცესი. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და ეს მოლაპარაკებები წარმატებით უნდა დასრულდეს, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ჩვენს მეზობელ სახელმწიფოზე, აზერბაიჯანზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია,” - 23 ივნისს განაცხადა კახა ბექაურმა.

თუმცა უკვე მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოჩნდა, რომ მოლაპარაკებებს პოზიტიური შედეგები არ ჰქონდა, რადგანაც კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინს” წილების ნასყიდობის შეცვლა კიდევ ერთხელ მოსთხოვა და ამისთვის ბოლო ვადად მიმდინარე წლის 31 დეკემბერი განუსაზღვრა.

საარბიტრაჟო ტრიბუნალში სხდომები მიმდინარე წლის 11 ნოემბრიდან განახლდა. საკითხზე ბოლო მოსმენა 23 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც მხარეები ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით იღებდნენ მონაწილეობას.

საარბიტრაჟო დავაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საერთაშორისო იურიდიული ფირმა Dechert-ი წარმოადგენენ. Neqsol-ის ინტერესებს კი საერთაშორისო იურიდიული ფირმები DLA Piper-ი და Quinn Emanuel Urquhart & Sullivan UK იცავენ.

“კავკასუს ონლაინის” საქმე - ქრონოლოგია:

შეგახსენებთ - 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელ კომპანიასა და აზერბაიჯანულ ჰოლდინგ “ნექსოლს” შორის წილების გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მოცულობა $61 მილიონ დოლარს შეადგენა და მის ფარგლებში ნექსოლი “კავკასუს ონლაინის” ჯერ 49%-იან, შემდგომ კი 51%-იან წილს იღებდა.

კომუნიკაციების კომისიაში მიიჩნევენ, რომ ეს ტრანზაქცია კანონდარღვევით მოხდა, რადგან კომპანიამ წილების გასხვისებამდე ეს ცვლილება მარეგულირებელს არ შეუთანხმა. ამიტომ კომისია წილების შებრუნებას ითხოვს.

2019 წლის ოქტომბრიდან “კავკასუს ონლაინს” 5 ფულადი ჯარიმა დაეკისრა, მათ შორის სამჯერ 270 ათასი ლარის ოდენობით. ბოლო სხდომაზე კი კომისიამ სპეცმმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ევალება. აღსანიშნავია, რომ სპეცმმართველს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები გააჩნია, მას შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, გააბითილოს ბოლო 1 წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები, შეზღუდოს კომპანიაში დივიდენდის გაცემა და ა.შ.

სანამ კომპანია სპეცმმართველი დაინიშნებოდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამეტმა დაამტკიცა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისიას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოქმედ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

ეს კანონი პრობლემურად მიაჩნია ვენეციის კომისიას, რომელმაც 2021 წლის 20 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით საქართველოს ამ ახალ კანონმდებლობაში რიგი ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

“კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა “ნექსოლმა” როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში, ასევე ქართულ სასამართლოშიც გაასაჩივრა. გაზაფხულის ბოლოს “კავკასუს ონლაინთან” დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ პროცესი მორიგების ეტაპზე იყო გადასული. თუმცა, როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალის ვებგვერდიდან ირკვევა, მორიგების პროცესმა შედეგი არ გამოიღო და საქმის წარმოება ნოემბრიდან კვლავ განახლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები