მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გუშინ ევროკომისიას ანგარიში გაუგზავნეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 31 აგვისტოს, ევროკომისიას ქართულმა მხარემ ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის შინაარსს უწყება არ ასაჯაროებს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ გუშინ ამოიწურა ევროკომისიის მიერ "ქართული ოცნების" მთავრობისთვის მიცემული ვადა, რომლის შემდეგაც ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე უნდა იმსჯელოს.

მიმდინარე წლის ივლისში გასაჯაროებული წერილი ვიზალიბერალიზაციის 2024 წლის დეკემბრის ანგარიშს ეფუძნება და ევროკავშირი საქართველოსგან 8 რეკომენდაციის შესრულებას ითხოვს. ევროკავშირი “ქართული ოცნებისგან” მოითხოვს ფუნდამენტური უფლებების დაცვას, ასევე ე.წ რუსული კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმებას.

წერილს ერთვის დეტალური რეკომენდაციები, რომლებიც ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაიცა:

  1. უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების უფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა.
  2. თავიდან აიცილონ და გააუქმონ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგებოდეს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გააუქმონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ და შეიტანონ ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყონ LGBTIQ პირების უფლებების სრული დაცვა.
  3. საქართველოს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიასთან შესაბამისობაში მოყვანა, რომლებიც ვიზას საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალურ მიგრაციას ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ.
  4. წევრ სახელმწიფოებში უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნისა და არარეგულარული ყოფნის საკითხის მოსაგვარებლად ქმედებების გააქტიურება, როგორიცაა უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიები შესაბამისი მიგრანტების პროფილებისთვის და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება.
  5. შეიქმნას აქტივების აღდგენის და აქტივების მართვის ოფისი და გაგრძელდეს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განკარგვის მიმართულებით.
  6. მიიღეთ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოთ მათი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას და განხილვას.
  7. ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ბიუროს ეფექტური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების შესახებ რეკომენდაციების გათვალისწინებით.
  8. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას შედეგი მოჰყვება. „ჩვენ გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას წერილი, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ეხება. არის ცალკეული პირობები, რომლებთანაც ისინი თანხვედრაში უნდა მოვიდნენ. თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული დათქმულ ვადამდე, მაშინ მოგვიწევს შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი",- აღნიშნა მან და თქვა, რომ რეკომენდაციების შესრულების ვადა აგვისტოს ბოლომდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები