"უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ, მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში," - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა" ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა და დასძინა, რომ ეს პრინციპი კანონის დონეზე დაინერგება.
"რაც შეეხება უცხოელი სტუდენტების პრობლემას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ჩვენ ვფიქრობთ რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები მთლიანად უნდა იყვნენ ორიენტირებული სახელმწიფოს ამოცანების შესრულებაზე, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ, მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში და ეს პრინციპი კანონის დონეზე იქნება დანერგილი", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, არიან სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც ჭარბად არიან მოზიდული უცხოელი სტუდენტები, რეალურად კი სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება უნდა იყოს, მაგრამ ცალკეული უნივერსიტეტები მოგებაზე არიან ორიენტირებული, რაც ბიზნესის საქმეა.
"ასეთ დროს არის ცალკეული უნივერსიტეტები, რომლებიც უფრო მეტად ორიენტებული არიან მოგებაზე, რაც არის არსებითად ბიზნესის საქმე და არა სახელმწიფო სექტორის საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული პრინციპი უნდა იყოს დანერგილი საუნივერსიტეტო სისტემაში, ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა, ანუ კერძო უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო ამოცანების შესრულება სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება სწავლების ხანგრძლივობას, კობახიძემ თქვა, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი - მაგისტრატურას. მან ასევე თქვა, რომ სკოლა 11- წლიან სასწავლო პროგრამაზე უნდა გადავიდეს.
7 ძირითადი გამოწვევა განათლების რეფორმაში - რა თქვა კობახიძემ პრეზენტაციაზე




























