მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტროს "კეთილ ნებას" უქვემდებარებს" - გიორგი დავითური

IDFI

IDFI -ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი დავითური აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეეჩერებინა "რუსული კანონის" სადავო ნორმების მოქმედება, სრულად იუსტიციის სამინისტროს ეყრდნობა და არა კონსტიტუციას - ამის შესახებ დავითურმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩლე მხარის შუამდგომლობა, "რუსული კანონის" სადავო ნორმების შეჩერების შესახებ, არ დააკმაყოფილა. მოსარჩელეები პირველ რიგში მოითხოვდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვის დასრულებამდე "რუსული კანონის" არც ერთი მუხლის მოქმედება არ ჩერდება.

გიორგი დავითური აღნიშნავს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. იურისტი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა აღმასრულებელი ხელისუფლების შეზღუდვაა, რაც, ამ შემთხვევაში, პირიქით მოხდა.

"სრულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა და ეს ნებისმიერი იურისტისთვის, ვინც წაიკითხავს, მარტივად აღქმადია. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების ნაწილს ვგულისხმობ. საკონსტიტუციო სასამართლო, ნორმებზე მსჯელობისას, სრულად ეყრდნობა იუსტიციის სამინისტროს და საინტერესო ფაქტი ისაა, რომ სასამართლო არ უარყოფს იმას, რომ კანონი ხელისუფლებას ორგანიზაციების ლიკვიდაციის, არაპროპორციული დაჯარიმების საშუალებას აძლევს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქონების დაყადაღებაზე და ა.შ.

საკონსტიტუციო სასამართლო ამას არ უარყოფს, მაგრამ ამბობს, რომ "ჯერ ხომ არ დაუწყია იუსტიციის სამინისტროს ეს მონიტორინგი"?! ნორმებზე და კანონზე მსჯელობის დროს, თავის გადაწყვეტას ამოწმებს იუსტიციის სამინისტროს, აღმასრულებელ ხელისუფლებას. ადამიანის ძირითადი უფლებები არსებობს იმისთვის, რომ შეზღუდოს აღმასრულებელი ხელისუფლება და სამინისტროები, მთავარი საფრთხე, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელისუფლებაა. სასამართლო გადაწყვეტილებას მის კეთილ ნებას უქვემდებარებს და ამბობს, "კეთილი ნება" რაკი არსებობს, ამის გამო მე არ გავაჩერებო. ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ მედიის თავისუფლებაზე, გაერთიანების თავისუფლებაზე და იმ მსუსხავ ეფექტზე, რაც ამ კანონს აქვს", - აღნიშნავს გიორგი დავითური.

მისი განმარტებით, ის რომ იუსტიციის სამინისტროს "უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ფარგლებში NGO-ების მონიტორინგი ჯერ არ დაუწყია, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობისას გასათვალისწინებელი ფაქტორი საერთოდ არ არის: "მთლიანობაში სადავო ნორმების შეჩერების ნაწილი არის ძალიან დაუსაბუთებელი".

საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსული კანონის" მოქმედება არ შეაჩერა - საქმის განხილვა გრძელდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები