მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამწუხაროდ, ხდება მთავარი კომპონენტების გამოტოვება - შსს-ში სახალხო დამცველს პასუხობენ

ალექსანდრე დარახველიძე

შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მასში მთავარი კომპონენტების გამოტოვება ხდება.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და როცა პოლიციამ ძალის გამოყენება დაიწყო, მაშინ ამის აუცილებლობა არ არსებობდა

მინისტრის მოადგილემ, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო და უწყება ამის ამსახველ მასალას გაავრცელებს.

"სახალხო დამცველის განცხადებას გავეცანით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც გაავრცელა მსგავსი განცხადება. სამწუხაროდ, ხდება მთავარი კომპონენტების გამოტოვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციის გადაწყვეტილებების მიღების დროს. გასული დღის აქციის დასასრულს, დაახლოებით 21:00 საათზე, მას შემდეგ, რაც სრულდებოდა საპარლამენტო მუშაობა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მონაწილეებს მოუწოდეს გამოსასვლელების ბლოკირებისკენ და პირდაპირ განაცხადეს, რომ არ დაუშვებდნენ იქ მყოფი ადამიანების გამოსვლას, რაც პირდაპირ ავალდებულებს შს სამინისტროს, როგორც საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას, რომ კანონის დარღვევა, მანიფესტაციების შესახებ კანონის შესაბამისი მუხლის დარღვევა და კონკრეტულ პირებზე თავდასხმის საფრთხე, აღკვეთოს და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. სწორედ ეს გააკეთა სამინისტრომ. გარდა ამისა, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვნახეთ, როგორი ძალადობრივი ხასიათი მიიღო აქციამ და ამის მასალას ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მიაწვდის საზოგადოებას და ყველა დარწმუნდება, რომ ადგილი ჰქონდა თავდასხმას პოლიციაზე. 6 პოლიციელია დაშავებული და გადის კურნალობას მკურნალობას. ისინი დაშავდნენ სწორედ ამ აქციაზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის პროცესში", - თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.

30 აპრილს, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე დაიწყო. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად არაერთხელ გამოიყენა ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირს დიდი ხნით არ ტოვებდნენ. აქციის დაშლისას დაშავდა ათეულობით ადამიანი.

„რუსული კანონის“ მუხლობრივი განხილვა პარლამენტში, დღეს 12:00 საათიდან განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები