მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამუშაოების შეჩერება გამოიწვევს ნამახვანჰესის პროექტის საერთოდ შეჩერებას – მინისტრის მოადგილე

60c4e59008d7f
BM.GE
12.06.21 20:47
1035
სამუშაოების შეჩერება გამოიწვევს ნამახვანჰესის პროექტის საერთოდ შეჩერებას– ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეშვილი “რიონის ხეობის მცველების” მოთხოვნას. საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეულმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრმა ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველი შეხვედრა დღეს ჩაატარა. მხარეები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ, მათ შორის ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიკადების მოხსნაზე, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის.

„გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ ეს საკითხი უნდა დავსვათ, ჩვენ ვართ ეკონომიკის სამინისტრო, არ ვართ შსს, მაგრამ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ყველა შესაბიმის უწყებასთან განვიხილავთ და დიდი მოლოდინი მაქვს იმის, რომ ეს მოხდება. ასევე მოხდება ის, რომ ხალხი ვინც იქ მუშაობს, ანუ „ენკას“ მუშახელი და ტექნიკა ჯერჯერობით უპრობლემოდ გააგრძელებენ მუშაობას. ეკონომიკის სამინისტრო თვლის, რომ „ნამახვანჰესი“ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოსთვის, ის უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩატარებულია ყველანაირი კვლევა და ჰესი იქნება უსაფრთხო. აქედან გამომდინარე, ჰესი უნდა აშენდეს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება რიონის ხეობის მცველების მოთხოვნას, რომ ჰესის მშენებლობა სრულად გაჩერდეს, დავით თვალაბეიშვილი ამბობს, რომ კომპანიას გააჩნია ყველა ლეგიტიმური უფლება აწარმოოს სამუშაოები.

„ჩვენი მხრიდან წარდგენილი იყო პოზიცია, რომ სამუშაოების შეჩერება გამოიწვევს პროექტის საერთოდ შეჩერებას. აქედან გამომდინარე, ეს დაკავშირებულია სხვადასხვა უმართავ პროცესთან. საუბარია იმაზე, რომ კომპანიას გააჩნია ყველა ლეგიტიმური უფლება აწარმოოს სამუშაოები, მაგრამ ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით მომავალში და მეორე მხარესთან ერთად განვიხილავთ. ველით, რომ მომავალ შეხვედრაზე განხილვებში სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით მონაწილეობას მიიღებს კომპანია „ენკა“, - აცხადებს თვალაბეიშვილი.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა და არ ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ ამ შეხვედრაზე ყველა საკითხი გადაწყდებოდა, მაგრამ მთავარი, რაც დღეს მოხდა არის ის, რომ გამოიკვეთა საკითხები, რომლთა გადაწყვეტა შემდეგ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში მოუწევთ.

“საუბარი იყო დამატებით შესწავლაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს, გარემოს დაცვის შესწავლაზე, კომერციულ შესწავლაზე, რომელიც ამ პროექტთან დაკავშირებით ჩატარდება და დავინახავთ, თუ რა გავლენა აქვს ამ პროექტს ან აქვს თუ არა საერთოდ გავლენა სხვადასხვა მიმართულებით. ამ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მიღებული იქნება შემდეგი გადაწყვეტილებები. ჩვენ ასევე საკმაოდ კონსტრუქციულად ვისაუბრეთ რეგიონში და რიონის ხეობაში დეესკალაციის შესახებ და კონკრეტული მონახაზი გვაქვს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას იმისათვის, რომ ჩაერთო პროცესში“, - განაცხადა თვალაბეიშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა მედიაციის პროცესს დღეს “ენკას” წარმომადგენლობა, მინისტრის მოადგილე ამბობს:

“მედიაციის ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტა, რომ მედიაციაში ერთი მხარე არის სახელმწიფო და მეორე კი ხალხი, რომელიც აპროტესტებს ჰესის მშენებლობას. თუმცა, „ენკა“ მოწვეული იყო, როგორც დამკვირვებელი. დღეს, სამწუხაროდ არ გვესწრებოდა მათი წარმომადგენელი, მაგრამ ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ კომპანია „ენკასთან“ და ის საკითები, რაც ჩვენ გავიარეთ, ასევე იქნება განხილული ამ კომპანიასთან. იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ შეხვედრებში ისინი მიიღებენ მონაწილეობას“– ამბობს თვალაბეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები