საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ძალიან სერიოზულად უდგება. ამის შესახებ მან პარლამენტში, სებ-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია ეროვნული ბანკის მიერ წლის განმავლობაში საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებები. როგორც იცით, მას შემდეგ რაც დაიწყო ომი უკრაინაში, რუსეთს და ბელორუსიას დაუწესდა ახალი სანქციები ევროკავშირის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მიერ და ჩვენს მიერ მოთხოვნილი იყო საფინანსო სექტორისათვის, რომ ეს სანქციები ზუსტად უნდა დაიცვან. სანქციების დაცვას საფინანსო სექტორი ძალიან სერიოზულად უდგება,ეროვნული ბანკი ახდენს ამ სანქციების დაცვის მონიტორინგს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
2022 წლის 1-ელი ივლისიდან ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტში სანქციების მონიტორინგის განყოფილება შექმნა. სებ-ის ინფორმაციით, განყოფილება ინტენსიურად მუშაობს სანქციების დარღვევის რისკების აღმოფხვრისთვის.