საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, ენდრიუ ჯუელის განცხადებით. კომერციული ბანკები საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან მიმართებით იურიდიულ გაურკვევლობაში არ უნდა იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ჯუელმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესს უკავშირდება.
საქმე ის არის, რომ 2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან რამდენიმე დღეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მიიღო ბრძანება, რომლითაც განსაზღვრა, რომ საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნები მოქმედებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართული სასამართლო მიიღებს შესაბამის გამამტყუნებელ განაჩენს. სწორედ აღნიშნულ საგამონაკლისო ბრძანებაზე მიუთითა ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის 18 სექტემბრის განცხადებაში და ბანკებს მოსთხოვა, რომ სანქციები აღასრულონ მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირების წინააღმდეგ ქართული სასამართლოს განაჩენი იარსებებს. ეს კი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-მა საქართველოს კიდევ ოთხ მოქალაქეს დაუწესა სანქციები.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუელი აღნიშნავს, რომ IMF-ის პრეროგატივას არ წარმოადგენს მისი წევრი ქვეყნებისთვის საერთაშორისო სანქციების შესრულების მოთხოვნა, რადგანაც ეს ფონდის მანდატს სცილდება. თუმცა, ფონდს შეუძლია შეაფასოს ის შედეგები, რაც საქართველოს საფინანსო სისტემაზე შეიძლება აისახოს იმ შემთხვევაში, თუკი ბანკები სანქციების მოთხოვნებს არ დაიცავენ და ამ მხრივ IMF საქართველოს ასეთი რისკის თავიდან არიდებას ურჩევს, აღნიშნულისთვის კი ენდრიუ ჯუელის შეფასებით, აუცილებელია არსებობდეს მკაფიო წესები, რათა ბანკები იურიდიულ გაურკვევლობაში არ აღმოჩნდნენ.
„როგორც ადრეც გვითქვამს, ქვეყნის მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულების შეფასება სსფ-ს მანდატს სცილდება.
სსფ-ს თანამშრომლებს ქვეყნის ხელისუფლებისთვის საერთაშორისო სანქციების შესრულება/არ-შესრულებასთან დაკავშირებით რჩევის მიცემის უფლება არ აქვთ.
მაგრამ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ქვეყნის მაკროეკონომიკაზე და საფინანსო სექტორის ვითარებაზე სანქციების შესრულება/არ-შესრულების გავლენის შეფასების უფლება გვაქვს; ასევე შეგვიძლია ქვეყანას ასეთი რისკების თავიდან არიდება ვურჩიოთ.
ამ ფონზე, საფინანსო სექტორის სტაბილურობის დასაცავად, ბანკები არ უნდა იყვნენ გაურკვეველ სიტუაციაში თავისი იურიდიული და სანქციებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ. მათ ზუსტად უნდა შეეძლოთ განსაზღვრონ თავისი ვალდებულებების შესრულების შედეგი მათ საქმიანობაზე,"- განაცხადა ენდრიუ ჯუელმა.
16 სექტემბერს აშშ-ის ხაზინამ საქართველოს 4 მოქალაქე, მათ შორის ორი მაღალჩინოსანი - შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზაშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური დაასანქცირა. აშშ-ის ხაზინა აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირები ჩართული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობაში, ადამიანების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და მოქალაქეთა დაშინებაში. აშშ-ის სანქციები ასევე შეეხოთ პრორუსული მოძრაობის “ალტ-ინფოს” ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს, რომლებიც 2021 და 2023 წლებში აქტიურად მონაწილეობდნენ ძალადობრივ შეკრებაში.
2023 წლის სექტემბერში ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული საგამონაკლისო წესის შემდგომ, IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა BMG-ისთან განაცხადა, რომ ფონდი საერთაშორისო სანქციების წესების შეცვლასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავდა.