საქართველოს 4 მოქალაქის ფინანსური სანქცირების შემდეგ BMG-იმ ქართული კომერციული ბანკების ძირითად საკორესპონდენტო პარტნიორ საერთაშორისო ბანკებს მიმართა კითხვით თუ რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუკი ქართული ბანკები დაემორჩილებიან ეროვნული ბანკის მითითებას და მომსახურებას გაუწევენ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ პირებს. თავის მხრივ, საკორესპონდენტო ბანკები წარმოადგენენ შუამავლებს საერთაშორისო გადარიცხვებისთვის და ისინი საქართველოს კომერციულ ბანკებს საერთაშორისო საფინანსო სისტემასთან აკავშირებენ.
საერთაშორისო საკორესპონდენტო ბანკები - Citibank-ი და Commerzbank-ი აცხადებენ, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების შესაბამისად მოქმედებენ და უფრო ვრცელი კომენტარისგან თავს შეიკავებენ. Ciitibank-ი მიუთითებს იმასაც, რომ მათი ინფორმაციით, სანქცირებული პირები არ არიან იმ ბანკის კლიენტები, რომელიც მათი საკორესპონდენტო პარტნიორია. BMG-იმ კითხვით მათ გარდა ასევე მიმართა JPMorganChase-საც, სადაც გვიპასუხეს რომ კომენტარისგან თავს შეიკავებენ, ასევე კითხვით მივმართეთ Raiffeisen ბანკსა და ING ბანკს.
“Commerzbank-ი სრულ თანხვედრაშია იმ სანქციების რეგულაციებთან მიმართებით, რომელიც ბანკისთვის არის რელევანტური,” - აცხადებს გერმანული Commerzbank-ი.
“ჩვენ აღნიშნულ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებთ, თუმცა დამატებითი ინფორმაციის სახით მოგახსენებთ, რომ ჩვენი პარტნიორი ქართული კომერციული ბანკები არ არიან სანქცირებული პირები და არ გვჯერა, რომ სანქციებში დასახელებული პირები არიან ამ ბანკების კლიენტები" - აცხადებს ამერიკული Citibank-ი.
2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საბანკო ასოციიაციამ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ქართული ბანკები საერთაშორისო სანქციების რეჟიმის შესაბამისად მოქმედებენ და იმოქმედებენ.
2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან რამდენიმე დღეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მიიღო ბრძანება, რომლითაც განსაზღვრა, რომ საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნები მოქმედებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართული სასამართლო მიიღებს შესაბამის გამამტყუნებელ განაჩენს. სწორედ აღნიშნულ საგამონაკლისო ბრძანებაზე მიუთითა ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის 18 სექტემბრის განცხადებაში და ბანკებს მოსთხოვა, რომ სანქციები აღასრულონ მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირების წინააღმდეგ ქართული სასამართლოს განაჩენი იარსებებს. ეს კი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-მა საქართველოს კიდევ ოთხ მოქალაქეს დაუწესა სანქციები, თუმცა ქართული ბანკების განცხადებით, ისინი საერთაშორისო სანქციების შესაბამისად მოქმედებენ. საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა განცხადება ერთიანად, საბანკო ასოციაციის ფორმატში გააკეთეს.