მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ანა ნაჭყებია შეასრულებს

ანა ნაჭყებია

მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი ანა ნაჭყებია გახდა.

მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა გოგა მელიქიძემ, ბოლო ორი თვის განმავლობაში პოზიციას ლევან ვერძეული იკავებდა.

რატომ დატოვა გოგა მელიქიძემ საპენსიო სააგენტო და სად გააგრძელებს საქმიანობას?

საპენსიო სააგენტოს მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ ცვლილება bm.ge-სთან დაადასტურა. თუმცა არ განუმარტავს, რატომ დატოვა პოსტი ლევან ვერძეულმა.

"ბატონი გოგა მელიქიძის წასვლის შემდეგ, ლევან ვერძეული იყო მოვალეობის შემსრულებელი 2 თვით.შემდეგ, ლევანმა მიიღო ეს გადაწყვეტილება [წასვლის] და დაინიშნა ანა ნაჭყებია, რომელიც ჩვენს გუნდს 2 წლის წინ შემოუერთდა. ახლა, ანა ნაჭყებია ასრულებს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ფუნქციას და ამასთან, მოადგილის ფუნქციასაც", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ვინ არის ანა ნაჭყებია?

საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ასეთია:

  • ანა ნაჭყებიას 2014 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლიდან, ფინანსების სპეციალიზაციით. 2016 წელს კი მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით, საფრანგეთში EDHEC-ის ბიზნეს სკოლიდან.
  • ამასთან, ანამ წარმატებით ჩააბარა საერთაშორისო პროგრამის CFA-ის სამი დონე და 2022 წელს გახდა CFA ჩარტერჰოლდერი.
  • 2022-2023 ანა მუშაობდა საერთაშორისო აქტივების მმართველ კომპანიაში, Finance in Motion საქართველოს ოფისში, ასოცირებული საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე.
  • 2017-2022 წლებში ანა მუშაობდა საინვესტიციო ბანკ გალტ & თაგარტ-ში კვლევების დეპარტამენტში უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე, სადაც მიიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება საქართველოს ეკონომიკისა და მისი სექტორების, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების, რეგიონის ობლიგაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ბაზრების შესახებ.
  • 2013-2015 წლებში ანა მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, კორპორაციული მართვისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტში.
  • ანა არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (ფინანსების ფაკულტეტი);

bm.ge-ის კიდევ ერთ კითხვაზე, როდის დასრულდება საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტება, ჭიჭინაძე პასუხობს, რომ ახლა, კანონით განსაზღვრული პროცედურები მიმდინარეობს და საბოლოო ვერსია "ოცნების" მთავრობის პრემიერს თვის ბოლოს გადაეგზავნება. სწორედ მან უნდა მოაწეროს ხელი საბჭოს შემადგენლობას.

"მმართველობითი საბჭოს შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. განცხადებების შემოტანა დასრულებულია. გასაუბრებების ნაწილი დასრულებულია. ახლა, მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. როგორც კი დასრულდება, გეცნობებათ კომისიის გადაწყვეტილება. საბოლოო ვერსიას პრემიერი აწერს ხელს. დაკომპლექტება თვის ბოლოს დასრულდება და დასანიშნი კანდიდატები წარედგინება პრემიერ მინისტრს", - თქვა მან.

შეგახსენებთ, საქართველოს საპენსიო ფონდის ზომა უკვე 6 მლრდ ლარია. 2025 წლიდან მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების ეფექტიანად ინვესტირებაზე პასუხისმგებელი იქნება საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო, რომლის წევრები კონკურსის გზით შეირჩევიან, მაგრამ დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნული ცვლილება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ზაფხულში განხორციელდა. შედეგად, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა, იქმნება საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის ანგარიში მოისმინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები