მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და მოლდოვა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან - შარლ მიშელი

ორბანი

ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში 17 ოქტომბერს გაიმართება, განსახილველ საკითხებს შორის საქართველოცაა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ევროპული საბჭოს წევრებისთვის გაგზავნილ მოსაწვევ წერილში აღნიშნულია, რომ საბჭო საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს.

"ორივე ქვეყანა [მოლდოვა და საქართველო] თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, - აღნიშნულია წერილში.

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე დისკუსიის მთავარი თემა უკრაინა იქნება. ლიდერები ახლო აღმოსავლეთზე და სხვა საკითხებზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

ცნობისთვის, საქართველო მიმდინარე თვეში ევროკავშირის წევრებს შორის სხვადასხვა ფორმატში გამართული შეხვედრების დღის წესრიგის ნაწილია. კერძოდ, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, ხოლო 15 ოქტომბერს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომა, ორივე შემთხვევაში ძირითად საკითხებთან ერთად საქართველოში არსებული ვითარებაც განიხილეს. 14 ოქტომბერს, შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” მისი დაპირებებით და კურსით, ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს. ბორელის თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი ტესტი იქნება. ამასთან, 9 ოქტომბერს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელიც მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შესრულების გადახედვაზე მოწოდებას ითვალისწინებს. 5 პოლიტიკურ ჯგუფს შორის შეთანხმებული რეზოლუცია გუშინ გამართულ კენჭისყრაზე მიიღეს. მას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 73-მა მისცა ხმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები