მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 29 თებერვალს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს, ნილაკში საჰა სინჰას შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
BMG გთავაზობთ საქართველო-ინდოეთის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არც ერთი მიმართულებით სახარბიელო არ არის.
საგარეო ვაჭრობა
საქართველოს ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამ დრომდე არ აქვს, თუმცა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო, ჩატარდა მიზანშეწონილობის კვლევაც და ანონსდებოდა, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2020 წელს დაიწყებოდა. პროცესი გაჭიანურდა, რის მიზეზადაც კოვიდ პანდემია დასახელდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველო-ინდოეთის სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს, 128.8 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ასევე ისტორიულად მაღალი იმპორტის დამსახურებაა. ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა, ანუ ექსპორტ-იმპორტი, ასევე მაღალი იყო 2022 წელს და 128.4 მილიონ დოლარს შეადგენდა, გასული წლების მაჩვენებლები კი 100 მილიონ დოლარს ჩამორჩება.
სავაჭრო ბრუნვის უდიდესი ნაწილი იმპორტზე მოდის, შესაბამისად საქართველო ინდოეთიდან მეტ საქონელს და მომსახურებას ყიდულობს, ვიდრე აღნიშნულ ბაზარზე ექსპორტზე გააქვს. 2023 წელს ინდოეთში ექსპორტის ღირებულება წლიურად 62%-ით შემცირების შემდეგ 13.1 მილიონი დოლარი იყო. 2022 წელს კი ექსპორტმა 34.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო.
გასულ წელს საქართველომ ინდოეთში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შემდეგი საქონელი გაყიდა:
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 6.9 მლნ დოლარი;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 2 მლნ დოლარი;
- ჰეტეროციკლური ნაერთები - 1.5 მლნ დოლარი;
- ნარჩენები და ალუმინის ჯართი - 450 ათასი დოლარი;
- ნარჩენები და სპილენძის ჯართი - 389 ათასი დოლარი.
საპირისპიროდ, წლის ჭრილში 23%-ით გაიზარდა ინდოეთიდან იმპორტი და 2023 წელს 115.7 მილიონი დოლარი იყო. გასულ წელს ინდოეთიდან იმპორტირებული ძირითადი საქონელი ასე გამოიყურება:
- მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 24.8 მლნ დოლარი;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 17.8 მლნ დოლარი;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 7.4 მლნ დოლარი;
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი
- ტელეფონების ჩათვლით - 6.1 მლნ დოლარი;
ინვესტიციები
საქსტატის 2023 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში 7.8 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ინდოეთიდან საქართველოში განსაკუთრებით მცირე რაოდენობის ინვესტიციები შემოვიდა 2022 წელს - ჯამური მაჩვენებელი 109 100 დოლარი იყო. გასული წლების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
- 2019 წელი - 7.5 მლნ დოლარი;
- 2020 წელი - 4.1 მლნ დოლარი;
- 2021 წელი - 6.8 მლნ დოლარი.
ტურიზმი
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წელია საქართველოში ინდოელი ტურისტებისთვის ციფრული ვიზების გაცემის პრობლემა დგას. მათ შორის გასულ წელს იყო შემთხვევები, როდესაც ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტების ნაწილს საქართველოს საზღვარზე არ უშვებდნენ. კერძო სექტორი მიუთითებს, რომ ინდოეთის ბაზრიდან მოთხოვნა დიდია, თუმცა ამ პრობლემის გამო, ისინი საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ, რაც ბიზნესს აზარალებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, 2023 წელს ინდოეთიდან 84 688 ვიზიტი განხორციელდა. რაც შეეხება გასული წლების მონაცემებს, ინდოეთიდან ვიზიტების რაოდენობა ასეთია:
- 2019 წელი - 54 606
- 2020 წელი - 8 364
- 2021 წელი - 24 992
- 2022 წელი - 52 841
ფულადი გზავნილები
მცირეა ინდოეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილებიც. 2023 წელს ჯამში 16.3 ათასი დოლარი გამოირიცხა, 2022 წელს კი 50.2 ათასი დოლარი.