აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ ესკალაციური რიტორიკით შეშფოთებულია. როგორც "ფორმულას" სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისიდან მიწერეს, ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიას შორდება.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ ესკალაციური რიტორიკით და ტონით. ასე არ იქცევა ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველო თავის ევროატლანტიკურ ტრაექტორიას შორდება” - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისის პასუხში, რომელსაც "ფორმულა" ავრცელებს.
ცნობისთვის, "რუსულ კანონთან" დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან შეშფოთება არაერთხელ გამოითქვა. ჯერ კიდევ 5 აპრილს გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადება, სადაც ის აღნიშნავდა, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს მისი ევროპული გზიდან გადასვლას. მილერი აღნიშნავდა, რომ შეშფოთება მკაფიოდ გააცნო საქართველოს მთავრობას. მილერმა 8 აპრილს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კანონის მიღება ზიანს მიაყენებს სამოქალაქო ორგანიზაციებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს. კანონის მიღების შემთხვევაში სახდეპის პოლიტიკაზე კითხვის საპასუხოდ კი აღნიშნა, რომ პოტენციური ნაბიჯების წინასწარი განხილვა არ სურს. საქართველოს მთავრობას გაფრთხილებებისთვის ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმაც. 1 მაისს, სახდეპის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა საქართველოს დეპუტატებთან ორმხრივ ურთიერთობებზე. მათ შორის, ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.