საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით არგენტინაშია. არგენტინა ამ ეტაპზე ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ლიბერტარიანელი პრეზიდენტი - ხავიერ მილეი ჰყავს.
გასული წლის ბოლოს, არგენტინაში ახალი ანტირეკორდი დამყარდა, ქვეყანაში ინფლაციის დონემ 161%-ს მიაღწია, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია. თუმცა, სამხრეთ ამერიკის რიგით მეორე უმსხვილესი ეკონომიკა 2024 წელს, დადებით დინამიკას აჩვენებს და არგენტინის თვიური ინფლაციის მაჩვენებელი იმაზე მეტად შენელდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თებერვალში არგენტინის ინფლაცია 13.2% იყო. მიუხედავად ამისა, წლიური მაჩვენებელი 276.2%-ია.
რაც შეეხება საქართველო-არგენტინის ვაჭრობის მოცულობას, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მაქსიმუმი 24.3 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 45%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე, როცა ბრუნვამ 14.011 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, გასული წლის საქართველოს ექსპორტი მხოლოდ 799.7 ათასი აშშ დოლარი იყო, იმპორტმა კი, 23.5 მლნ შეადგინა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარ-თებერვალში არგენტინასთან სავაჭრო ბრუნვა 3.8 მლნ აშშ დოლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 2.4 მლნ აშშ დოლარი.
2023 წელს საქართველომ არგენტინაში მხოლოდ 628.3 ათასი დოლარის თხილი და 171.2 ათასის მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი მოწყობილობები გაყიდა.
2023 წელს არგენტინიდან იმპორტირებული TOP-5 პროდუქტი კი შემდეგი იყო:
- სოიოს ზეთისგან მიღებული კოპტონი, ან სხვა მყარი ნარჩენი - 15.09 მლნ აშშ დოლარი;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 4.4 მლნ აშშ დოლარი;
- ღორის, ან შინაური ფრინველების ქონი - 990.2 ათასი აშშ დოლარი;
- ღორის ხორცი - 584.5 ათასი აშშ დოლარი;
- კარაქი - 393.4 ათასი აშშ დოლარი.
ტურიზმი
არგენტინა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს. საქართველოს მოქალაქეებს არგენტინაში უვიზოდ ყოფნა 90 კალენდარული დღის განმავლობაში შეუძლიათ. თუმცა, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი მოქალაქე სარგებლობს ამით.
რაც შეეხებათ არგენტინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ, ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს არგენტინის 751 მოქალაქე სტუმრობდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 28.4%-ით აღემატება, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, შემცირება 8.1%-ია.
რაც შეეხება FDI-ს, არგენტინიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი ნულოვანია.