საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს შესახებ განახლებული შეფასება, რომელიც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება ფონდის მისიის შეფასებებს, რომლებიც მიმდინარე წლის 4 ივნისს გახდა ცნობილი. ფონდი მიუთითებს, რომ წელს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება და მშპ-ის ზრდა 7.2%-ით არის პროგნოზირებული. თუმცა, ასევე ხაზგასმულია რომ ქვეყნის წინაშე დგას არაერთი რისკი, მათ შორის პოლიტიკური გაურკვევლობით განპირობებული რისკები, რომელთაც როგორც ინვესტიციებზე, ასევე ტურიზმსა და ლარის გაცვლით კურსზე შეუძლიათ გავლენის მოხდენა. ასეთ რისკებს შორის IMF-ი სანქცირების გაზრდილ რისკებსაც ხედავს. პოლიტიკის თვალსაზრისით ფონდის რეკომენდაციაა რომ გაძლიერდეს სებ-ის დამოუკიდებლობა, შევიდეს საკანონმდებლო ცვლილებები და სებ-ის მმართველობის საპრეზიდენტო მოდელი შეიცვალოს გადაწყვეტილებების მიღების კოლეგიალური მოდელით, რამაც სებ-ის საბჭოს უფლებები უნდა გააფართოოს. ასევე ხაზგასმულია, რომ სტრუქტურული რეფორმები არის საჭირო მთავრობის მხარესაც, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობისა და ფინანსური კონტროლის ზრდის, ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით.
IMF-ის შეფასება საქართველოს შესახებ - ეკონომიკური მაჩვენებლები
საქართველოს ეკონომიკამ გასულ წლებში მდგრადობა გამოავლინა შიდა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად. 2021 წლიდან საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9%-ზე მეტია. ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორებია პანდემიის შემდგომი აღდგენა, ICT და ლოგისტიკური სერვისების გაფართოება, მიგრაცია, ფინანსური შემოდინებები და უკრაინის ომთან დაკავშირებული სატრანზიტო ვაჭრობის ეფექტები.
ინფლაცია სტაბილურია და ახლოს რჩება სამიზნე მაჩვენებელთან, ხოლო სახელმწიფო ვალი 2024 წლისთვის 36%-მდე შემცირდა.
ზრდის პერსპექტივა
2025 წელს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია 7.2%-ის ფარგლებში. საშუალოვადიან პერიოდში ზრდის ტემპი სავარაუდოდ 5%-მდე შემცირდება, რაც შიდა მოთხოვნის დაქვეითებას უკავშირდება. ინფლაცია შენარჩუნდება სამიზნე მაჩვენებლის — 3%-ის — სიახლოვეს. სახელმწიფო ვალი კი სტაბილურ დონეზე დარჩება ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ფრთხილი მართვის პირობებში. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო სავალუტო რეზერვები ეტაპობრივად გაიზრდება ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვების შედეგად.
რისკები
უკრაინაში ომის დასრულებამ შეიძლება შეამციროს საქართველოსთვის მიგრაციისა და სატრანზიტო ვაჭრობის მხრივ მიღებული დროებითი სარგებელი, თუმცა რეგიონული სტაბილურობის ზრდამ შესაძლოა ეს გავლენა გაანეიტრალოს. საქართველოს გლობალურ სავაჭრო დაძაბულობაზე შეზღუდული დამოკიდებულება პირდაპირ რისკს ამცირებს, თუმცა ინვესტორთა განწყობის გაუარესება ან მიწოდების ჯაჭვის შეფერხება შესაძლოა იმოქმედოს სავაჭრო არხებზე.
პოლიტიკური გაურკვევლობა და პოტენციური სანქციები შესაძლოა უარყოფითად აისახოს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და ტურიზმზე, რაც ლარზე ზეწოლას გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ფისკალური და ფინანსური ბუფერები ხელს შეუწყობს ამ უარყოფითი გავლენების შემცირებას.
პოლიტიკის რეკომენდაციები - მონეტარული პოლიტიკა
ეროვნულმა ბანკმა (სებ) უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია რეფინანსირების განაკვეთთან მიმართებით და იყოს მონაცემებზე დაფუძნებული, განსაკუთრებით გლობალური გაურკვევლობისა და საკვები პროდუქტების ფასების მატების ფონზე. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს რეზერვების დაგროვებას, რაც უნდა მოხდეს ლარის გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებით.
სებ-ის მმართველობა
ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაუმჯობესება კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, შეივსო საბჭოს ვაკანტური პოზიციები და დაინიშნა სებ-ის პრეზიდენტი. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მმართველობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ჯერ კიდევ არაა მიღებული. რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს სებ-ის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა, შეზღუდოს მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებმა უნდა დააზუსტოს სებ-ის პრეზიდენტის შემცვლელის (მოვალეობის შემსრულებლის) დანიშვნის წესი და გააუმჯობესოს საბჭოს წევრების კვალიფიკაციის მოთხოვნები. ასევე, სებ-ის საბჭოს მხრიდან მმართველობის კოლეგიური გადაწყვეტილებების მიღების მოდელის დანერგვა კიდევ უფრო გააუმჯობესებს სებ-ის მმართველობის ხარისხს.
ფისკალური პოლიტიკა
ფისკალური პოლიტიკა კარგადაა დაკალიბრებული, დეფიციტი 2.5%-ზე დაბალია, რაც სტაბილიზაციას უწყობს ხელს. შემოსავლების მობილიზება უნდა გაძლიერდეს საგადასახადო ბაზის გაფართოებითა და ხარჯვის ეფექტურობის გაუმჯობესებით. სოციალური დახმარება უნდა იყოს უფრო მიზანმიმართული.
სახელმწიფო საწარმოების რეფორმა
სახელმწიფო საწარმოების რეფორმა გააუმჯობესებს ამ კომპანიების ფინანსურ შედეგებს და მათთან დაკავშირებულ ფისკალურ რისკებს შეამცირებს. ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მკაცრი ზედამხედველობა, განსხვავებული ფუნქციების გამიჯვნითა და კორპორაციული მმართველობის გაძლიერებით.
ფინანსური სექტორი
ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს, მაგრამ დოლარიზაციის შემცირება, სამომხმარებლო სესხების ზრდის მონიტორინგი და ლარის დაფინანსების ხელშეწყობა პრიორიტეტია. აუცილებელია მაკროპრუდენციული და კრიზისის მართვის ჩარჩოების გაძლიერება, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა სრულყოფა და ვირტუალური აქტივების ზედამხედველობა. მნიშვნელოვანია მეტი აქცენტი ღია ბანკინგზე კონკურენციის ხელშეწყობისთვის.
სტრუქტურული რეფორმები
სტრუქტურული რეფორმები აუცილებელია ინკლუზიური, სამუშაო ადგილებით მდიდარი ზრდისთვის. პრიორიტეტებია სტრუქტურული უმუშევრობის, სოფლის მეურნეობის დაბალი პროდუქტიულობისა და უნარების ხარვეზის მოგვარება პროფესიული განათლებით, მასწავლებელთა ხარისხის გაუმჯობესებითა და სამიზნე სასოფლო-სამეურნეო მხარდაჭერით. ემიგრაციის სარგებლის მაქსიმიზაცია მოითხოვს რემიგრაციის ხელშეწყობას, რემიტანსების გამოყენებასა და უცხოელი ტალანტების მოზიდვას. ინფრასტრუქტურის ინვესტიციები და რეგიონული ინტეგრაცია შეამცირებს ლოგისტიკის ხარჯებს. მმართველობის გაუარესების საპირისპიროდ, საჭიროა სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერება და ქონებრივი დეკლარაციის რეფორმების ხელშეწყობა,"- ნათქვამია ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




























