საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება - ამის შესახებ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული.
საუბარია იანვრის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებაზე, რაც ქვეყანაში 11.1%-იან ზრდაზე მიუთითებს. თავად ეროვნული ბანკი 2025 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, საქართველოს მთავრობა კი მოელის რომ ზრდა 6% იქნება, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დაგეგმილი 2025 წლის ბიუჯეტიც. თუმცა, უკანასკნელი განცხადებების თანახმად მთავრობა ქვეყანაში ამაზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდასაც მოელის.
რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, თებერვალში EBRD-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა, IMF-ი კი წელს ქვეყანაში ასევე 6%-იან ზრდას მოელის.
სებ-ი მიუთითებს, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობაზე ბიზნესის დაკრედიტების მაღალი ზრდის მაჩვენებელი მოახდენს დადებით გავლენას.
"მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, იანვრის ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა. ამ ეტაპზე, ძლიერი მოთხოვნის პარალელურად, სებ-ის შეფასებით, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას გარკვეულწილად ანეიტრალებს. ერთობლივ მოთხოვნას საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რაც დიდწილად ბიზნეს სესხების გააქტიურებას უკავშირდება და ეკონომიკის პოტენციური ზრდის ხელშემწყობია,"- ნათქვამია სებ-ის პრესრელიზში.