პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას შეფასებით, „საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს ძალიან სამწუხაროდ გამოიყურება“. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას სებ-ის რეპუტაციის შეფასებისას განაცხადა.
- საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს ძალიან სამწუხაროდ გამოიყურება. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი პირდაპირპროპორციულად განსაზღვრავს ჩვენი ფინანსური სისტემისადმი საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ფუნქცია იმდენად მნიშვნელოვანი ფუნქციაა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის, რომ შეუძლებელია, ამ ფუნქციის გადაფასება. მაშინ, როდესაც სებ-ის პრეზიდენტს ირჩევენ ისე, როგორც აირჩიეს სებ-ის პრეზიდენტი (2023 წლის ივნისიდან სებ-ს პრეზიდენტი არ ჰყავს და მოვალეობას ნათია თურნავა ასრულებს); მაშინ, როდესაც სებ-ის საბჭო კომპლექტდება ისე, როგორც დაკომპლექტდა დღეს, უბრალოდ, კომპეტენციის პრობლემაა იქ; მაშინ, როდესაც ადამიანები, ბიზნესიც გრძნობს, რომ ეროვნული ბანკის გამოყენება უმარტივესად ხდება მთავრობის და პარტიის ან თუნდაც ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესების გამო, შეუძლებელია, საერთაშორისო ფინანსურ სისტემას ეროვნული ბანკისადმი ნდობა ჰქონდეს.
- რას ურჩევდით ნათია თურნავას?
- რა უნდა ვურჩიო, არაფერი... ნათია თურნავას გამძლეობას ვუსურვებ.
- უძლებს?
- არ ვიცი... ხომ ხედავთ ეკონომიკურ თემებზე უკვე მიჭირს {საუბარი}.
- ხომ ხედავთ და აკვირდებით სებ-ის გადაწყვეტილებებს...
- არ ჩანს {რომ უძლებს}... ახლა ნათია თურნავა რასაც ცდილობს, სხვათა შორის გონივრულად, რომ უფრო ფარდის მიღმა იყოს და ეს გამოსდის - ნათია თურნავა ყოველთვის მოხერხებული გოგო იყო.