საქართველო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში არაა, თუმცა განიხილავენ თუ ზოგიერთ წევრს სურვილი ექნება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მედიასთან კომენტარი გააკეთა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მინისტრები მოლდოვის და საქართველოს საკითხებსაც განიხილავენ, როგორც ორ მნიშვნელოვან ქვეყანას, სადაც მალე არჩევნები ჩატარდება.
ძირითადი საკითხები, რაზეც დღეს, თბილისის დროით 12:00 საათიდან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, არის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და მიმდინარე საკითხები, რომლის ფარგლებშიც, დღის წესრიგის თანახმად, მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებულები იქნებიან საქართველოსა და მოლდოვაში არჩევნების შესახებ.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკურ პლურალიზმთან დაკავშირებულ რისკებზე დებატები გაიმართა. 9 ოქტომბერს კი ევროპარლამენტმა საქართველოზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელიც მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შესრულების გადახედვაზე მოწოდებას ითვალისწინებს.
საქართველოს შესახებ დაგეგმილ განხილვებზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ კარგი ნიშანი არაა. პაველ ჰერჩინსკის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულნი არიან. მისივე ინფორმაციით, 17 და 18 ოქტომბერს იქნება ევროპული საბჭო და პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ლიდერებს, ევროკავშირის 27 ქვეყნის პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს, განიხილონ საქართველოს საკითხი. ევროპული საბჭოს დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა მიმართონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებს, რომელთა შორისაა, საქართველოში განვითარებული მოვლენები.