მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობამ კრიპტოაქტივებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა დააანონსა

630cd1e89370a
გიორგი არონია
29.08.22 20:15
8092

საქართველოს მთავრობამ ფინანსური სექტორისთვის განახლებული საკანონმდებლო ჩარჩო დაამტკიცა, რომელიც კრიპტოაქტივებით ვაჭრობისა და ფინტექ-ინდუსტრიის დამატებით რეგულირებას გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, ხოლო ცვლილებების მიღება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. „ჩვენი მოლოდინია, რომ შემოდგომაზე, საქართველოს ექნება განახლებული კანონმდებლობა, რომელიც ფინანსურ სექტორს მნიშვნელოვნად განავითარებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი სამ მნიშვნელოვან დირექტივასთან დაახლოებას ითვალისწინებს, ესენია - „ევროკავშირის საგადასახადო სერვისების დირექტივა“ (PSD2), „კაპიტალური მოთხოვნების დირექტივა“ (CRD) და „ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული სერვისების მომწოდებლების შესახებ დირექტივა“ (VASP).

ეს უკანასკნელი დირექტივა, რომელიც ვირტუალური აქტივებით ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი ვალდებულებებისა და უფლებების განსაზღვრას გულისხმობს, საქართველოში კრიპტოინდუსტრიის მდგრადი რეგულირების მიმართ გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

„[VASP-დირექტივა] განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში კრიპტომომსახურებისა და კრიპტოგაცვლითი ორგანიზაციებისთვის ლეგალური გარემოს ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული დირექტივა კომპანიების მიმართ ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და ტერორიზმის არდაფინანსებასთან დაკავშირებით ნათლად გაწერილ მოთხოვნებს გულისხმობს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს ფინანსური კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან სინქრონიზაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რადგან საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, კრიპტოჰაბად გადაქცევა სურს. საინტერესოა, რომ მსგავსი პათოსის ხედვა არის გაწერილი საქართველოს 2020-2025 წლების განვითარების სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ ჯერ კიდევ 2020 წელს დაამტკიცა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის შესახებაც ეკონომიკის მინისტრმა დღეს განაცხადა, გლობალური კრიპტოინდუსტრიის მსხვილ მოთამაშეებს საქართველოში შემოსვლას გაუმარტივებს. ასეთ კომპანიებს შორისაა მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟა Binance-ი, რომელიც საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას განიხილავს, მაგრამ ამისთვის შესაბამისი სალიცენზიო-საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური კრიპტობაზრის სხვა დიდ მოთამაშეებსაც შეხვდა, მათ შორის ბლოკჩეინ-კომპანია Ripple-ისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი კრიპტობირჟის, FTX-ის წარმომადგენლებს. როგორც თავის დროზე გახდა ცნობილი, ორთავე კომპანია საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნითაა დაინტერესებული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები