საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ე.წ. რუსული კანონის შესახებ შეშფოთება გაუზიარა. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„ევროკავშირის ყველა ელჩი, ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიგვიწვია შეხვედრაზე, სადაც პრეზიდენტმა გაგვიზიარა თავისი შეშფოთება უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტზე“,- აღნიშნა ელჩმა.
როგორც მან კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის რეაგირებაზე კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, შარლ მიშელის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება ნათელია და კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას შეაფერხებს.
„ევროკავშირი ძალიან სწრაფი იყო კანონპროექტის ხელახალ ინიცირებაზე რეაგირებაში. 24 საათში იყო განცხადება. გუშინ საღამოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა საკუთარი პოზიცია. ვფიქრობ, მისი პოზიცია ხმამაღალი და ნათელია. მიღების შემთხვევაში, ეს კანონი არ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში. საპირისპიროდ, ის გამოიწვევს გართულებებს, რადგან ის ნამდვილად არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს“,- ამბობს ჰერჩინსკი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.