გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის თქმით, საქართველოს შეუძლია ის აკეთოს რაც სურს, თუმცა მას არ შეუძლია, რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამის შესახებ გერმანელი დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებით, რომელიც 17 ოქტომბერს მიღებული იქნა ევროკავშირის გაფართოებაზე ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს - ევროპული საბჭოს მიერ. თუ ამ საკითხზე ღელავთ, წაიკითხეთ და გაიაზრეთ ეს სიტყვები. საქართველოს შეუძლია ის აკეთოს, რაც უნდა, მაგრამ მას არ შეუძლია, რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს. თქვენ წყვეტთ“, - ამბობს პიტერ ფიშერი.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავე დროს, იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს და პრინციპებს, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული.