საქართველოში 5G ტექნოლოგიის დანერგვის პროცესი იწყება, მაგრამ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას მხოლოდ “სელფი მობაილი” მიიღებს, ანუ 5G ინტერნეტის გამოყენებას, საწყის ეტაპზე, მხოლოდ “სელფის” მომხმარებლები შეძლებენ. როგორც BM.GE-ის კომისიიდან აცნობეს, კომპანიამ განაცხადი ოთხივე გამოტანილ ლოტის შეძენაზე შეიტანა. როგორ კომპანიაში ამბობენ, მეხუთე თაობის ინტერნეტის ტექნოლოგიას “სელფი” ფინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Nokia-სთან ერთად დანერგავს, ხოლო ამ მიმართულებით ათობით მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
“სელფის” დირექტორის, ვასილ ბერიშვილის განცხადებით, შეთანხმების თანახმად, Nokia არამხოლოდ ააშენებს ახალ საბაზო სადგურებს, არამედ მოახდენს არსებული სადგურის მოდერნიზებასაც, რითაც “სელფის” აბონენტები 5G ინტერნეტთან ერთად, უკეთეს 4G კავშირს მიიღებენ. ქვეყანაში 5G ტექნოლოგიის დანერგვა, სამიდან ხუთი წლის ვადაში იგეგმება.
"ათეულობით მილიონ დოლარზე არის საუბარი, მაგრამ Nokia-სთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, დაზუსტების უფლება არ მაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, გრძელვადიანად, საუბარია ათეულობით მილიონ დოლარზე. როგორც იცით, 5G ქსელი ულტრათანამედროვე და მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ქსელია და შესაბამისად, ეს ტექნოლოგია საკმაოდ ძვირად ღირებულია და დიდ ინვესტიციას მოითხოვს. ამ შემთხვევაში, საუბარია სამიდან ხუთ წლამდე პერიოდზე”, - განაცხადა ვასილ ბერიშვილმა BMG-სთან საუბრისას.
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მიიღო მონაწილეობა 5G აუქციონში “სელფიმ” და არა “მაგთიკომმა” ან “სილქნეტმა”, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ კომპანიაზე სატელეკომუნიკაციო ბაზრის 70% მოდის, სწორედ “სელფის” ქსელში არსებულ ხარვეზებში უნდა ვეძებოთ. გამომდინარე იქიდან, რომ “სელფის” ინფრასტრუქტურა მოძველებულია, კომპანიის დაფარვის ხარისხი არც ისე მაღალია, რის გამოც, “სელფის” სერვისი, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ბევრ ადგილას უბრალოდ არ იჭერს. ამგვარად, 5G ტექნოლოგიის დანერგვა გააუმჯობესებს არამხოლოდ “სელფის” არსებულ სერვისს, არამედ კომპანიას დამატებით კონკურენტულ უპირატესობას შესძენს, რადგან სულ მცირე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ის ერთადერთი სატელეფონო ოპერატორი იქნება, რომელიც 5G-ინტერნეტის შეთავაზებას შეძლებს.
როგორც “სელფის” დირექტორი, ვასილ ბერიშვილი ამბობს, სერვისის გაუმჯობესების კუთხით პირველად შედეგებს “სელფის” მომხმარებელი წლის ბოლომდე იგრძნობს.
“ჩვენ არსებული ქსელის სრულ მოდერნიზებას ვაკეთებთ. პროცესი დიდი ხანია, რაც დაწყებულია და ახლა, ამ ხელშეკრულების ფარგლებში, დარჩენილ ნაწილსაც სრულად განვაახლებთ. ყველა არსებული საბაზო სადგური აღჭურვილი იქნება ახალი ტექნოლოგიით და მზად იქნება 5G-სთვის. გარდა ამისა, ვამატებთ ახალ სადგურებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და იქ, სადაც ჩვენი მომხმარებლები დღეს თავს კომფორტულად არ გრძნობენ დაფარვის ან ხარისხის გამო, ეს პრობლემები მოგვარდება. პირველადი შვება მომხმარებელმა წლის ბოლომდე უნდა იგრძნოს”, - აღნიშნავს “სელფი მობაილის” გენერალური დირექტორი, ვასილ ბერიშვილი BMG-სთან საუბრისას.
კი, როგორც დღეს გაირკვა, საქართველოში 5G ტექნოლოგიას “სელფი” დანერგავს, მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ რთული და არაერთგვაროვანი აღმოჩნდა, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბაზრის ორმა უმსხვილესმა მოთამაშემ, “მაგთიკომმა” და “სილქნეტმა” აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს. როგორც კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში ვკითხულობთ, მარეგულირებელმა აუქციონის პირობებთან დაკავშირებით კომპანია „მაგთიკომის“ და „სილქნეტის“ მიერ გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები სრულად გაითვალისწინა, მაგრამ კომპანიებმა აუქციონში მონაწილეობა მაინც არ მიიღეს. განსხვავებული პოზიცია აქვთ თავად კომპანიებში. როგორც "სილქნეტში" ამბობენ, 5G ტექნოლოგიის დასანერგად კომპანია დღესაც მზად არის, მაგრამ არა კომუნიკაციების კომისიის პირობებით. განცხადებაში ვკითხულობთ იმასაც, რომ “სილქნეტის” თქმით, კომუნიკაციების კომისიამ კომპანიის არც ერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა.
“სილქნეტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს პოზიციას და აღნიშნავს, რომ მზად არის დანერგოს 5G ქსელი ქვეყნის მასშტაბით, რისთვისაც დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია არის საჭირო შემდეგი წლების განმავლობაში.
სამწუხაროდ, კომისია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს მან სრულად დააკმაყოფილა აუქციონთან დაკავშირებით სილქნეტის რეკომენდაციები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, კომისიამ 5G აუქციონის ფარგლებში არ გაითვალისწინა სილქნეტის არცერთი შენიშვნა, რომელიც აუქციონის პირობებს გააუმჯობესებდა, კერძოდ:
1) სრულფასოვანი ლიცენზიის შესყიდვის შესაძლებლობა MVNO (ვირტუალური მობილური ოპერატორი) დაშვების სავალდებულო პირობის გარეშე (ოპერატორების სურვილის შემთხვევაში);
2) მძიმე ტექნიკური ვალდებულებების შემსუბუქება;
3) 5G მიკრო-სადგურების განთავსების პროცესის გამარტივებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება;
აქვე განვმარტავთ, რომ სილქნეტი მიესალმება ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) დაშვებას კომერციული მოლაპარაკების საფუძველზე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. კომპანიამ პირველმა შექმნა საკუთარ ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების პრეცედენტი, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია წარმატებულად ფუნქციონირებს”, - ვკითხულობთ სილქნეტის განცხადებაში.
კიდევ ერთი სირთულე, რომელიც ბოლო დღეებში 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელდა, ამ ტექნოლოგიის, პოტენციურად, ჩინური Huawei-ის მიერ მოწყობას უკავშირდებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მოგეხსენებათ, საქმიანი ვიზიტით ჩინეთს სტუმრობს, რა დროსაც Huawei-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ლიანგ ჰუას შეხვდა. შეხვედრისას, შეხვედრაზე განიხილეს პარტნიორობის სხვადასხვა შესაძლებლობები, მათ შორის 5G ტექნოლოგიის მიმართულებით.
თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2021 წლის იანვარში საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან 5G ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტის თანახმად, საქართველო დანერგავს მეხუთე თაობის მობილურ ინტერნეტს მხოლოდ იმ მომწოდებლებისგან, რომლებიც არ არიან შეყვანილი საერთაშორისო კონტროლის სიაში და რომლებიც პატივს სცემენ ინტელექტუალურ საკუთრებას. ამასთან, საქმე ისაა, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკა 5G-ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მიმართულებით Huawei-სთან დაკავშირებით რისკებზე მიუთითებს. შესაძლოა, Huawei-ის საქმიანობა ევროკავშირმაც აკრძალოს.
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება თვლის, რომ Huawei მჭიდრო კავშირშია ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიასთან, ანუ პარტიის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია მას მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, რაც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ჩინური Huawei ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სწორედ ამ მიზეზით დაასანქცირა, ჯერ კიდევ 2019 წელს.
საპირწონედ ამისა, გვხვდება ფინეთში დაფუძნებული Nokia, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას ემორჩილება და თან, საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიაცაა, რაც მას გამჭვირვალობის დამატებით ვალდებულებებს უჩენს. ამგვარად, გრძელვადიანად, Nokia გაცილებით უფრო მდგრად პარტნიორად შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე ჩინური Huawei.