მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში არმატურის ბაზარზე სამართლიანი კონკურენციაა - "რუსთავის ფოლადის" გენდირექტორი

არმატურა

არმატურის ქართულ მწარმოებელ „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის იგორ კორიტკოს შეფასებით, დღეს საქართველოში არმატურის ბაზარზე სამართლიანი კონკურენციაა.

BMG tv-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც გასული წლის დასაწყისიდან არმატურის იმპორტზე შემოღებული გადასახადის არმატურის ფასზე გავლენას ეხებოდა, იგორ კორიტკო ამბობს, რომ ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ადგილობრივთან ერთად, იმპორტირებულსაც შევხვდებით და საკითხს მხოლოდ ღირებულების კუთხიდან არ უნდა შევხედოთ.

„ამ შემთხვევაში არა პროდუქტის ფასზე, არამედ ბაზარზე სამართლიან კონკურენციაზე უნდა ვსაუბრობდეთ. საქართველოში ღია ბაზრის ეკონომიკაა და მნიშვნელოვანია სამართლიანი კონკურენცია გვქონდეს. თუ ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვიქნებით, ეს ნიშნავს, იმას რომ ბაზრის ყველა მოთამაშეს სამართლიანი ფასი ექნება. რას ნიშნავს სამართლიანი კონკურენცია ჩემთვის პირადად - თუ საქართველოს ბაზარზე თურქული პროდუქცია გვაქვს, ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია სამართლიანია, რადგან თურქეთი ღია ბაზრის მქონე ქვეყანაა. ამ საკითხის მეორე მხარე ის არის, რომ ქართველი მწარმოებლები არასდროს აწარმოებენ არმატურას, რომელიც სრულად მოიხმარება საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტი აუცილებლად იქნება. ახლა მყარად მჯერა, რომ ბაზარზე სამართლიანი კონკურენციაა, რადგან იგივე თურქული პროდუქტია ქვეყანაში და ქართველი მწარმოებლები მუშაობენ ნორმალური მოცემულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი რიგზეა. საქართველოს ბაზარზე ეს მოცემულობა მთავრობის კანონმდებლობის წყალობით გვაქვს“, - განაცხადა კორიტკომ.

მისივე თქმით, „რუსთავის ფოლადი“ საქართველოში არმატურის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი არ არის, თუმცა ბაზრის წილს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ. 2025 წელს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დაახლოებით 70 000 ტონა არმატურა იწარმოვა, თუმცა იგორ კორიტკო ამბობს, რომ ეს კომპანიისთვის მთავარი მიმართულება არ არის და მენეჯმენტი არმატურის ბიზნესის გაყიდვას განიხილავს.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, არმატურის იმპორტი 2025 წლის 25 იანვრიდან იბეგრება. თავდაპირველად აღნიშნული გადასახადი იმპორტიორებს 1 სექტემბრამდე უნდა გადაეხადათ, თუმცა 27 აგვისტოს გამოცემული დადგენილებით ვადა 2026 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა. მთავრობის დადგენილების თანახმად, იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 420 ლარია.

2025 წელს არმატურის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში საქართველომ 126 მილიონ 215 ათასი დოლარის ღირებულების 223 145 ტონა არმატურა შეიძინა. 2024 წელს რეკორდული იმპორტის მაჩვენებელთან შედარებით, ეს რიცხვი 40%-ით შემცირდა. გასულ წელს საქართველოსთვის არმატურის მთავარი მომწოდებელი თურქეთი იყო. იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ასევე რუსეთი, ირანი და აზერბაიჯანი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები