2024 წლის იანვარში საქართველომ 64.5 მილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ კლების ძირითადი მიზეზი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის შესყიდვის შემცირებაა.
2024 წლის იანვარში შესყიდული ბუნებრივი აირის მოცულობები და ღირებულება ასე ნაწილდება:
- აზერბაიჯანი - 33 მილიონი დოლარი (კლება წინა წელთან 41%), მოცულობა 207 ათასი ტონა (საქსტატის თანახმად);
- რუსეთი - 33.7 მილიონი დოლარი (კლება წინა წელთან 3%), მოცულობა 129 ათასი ტონა.
შედეგად, საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან ბუნებრივ აირში 335 ათას ტონაში, რუსული გაზის წილი 38%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2023 წლის იანვარში რუსული გაზის წილი 34% იყო.
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ სამხრეთის გაზის დერეფნის მინისტერიალზე განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირის სასარგებლოდ 1.1 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა დათმო. ეს კი ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საქართველო შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის მეტ აქცენტს გააკეთებს რუსულ გაზზე.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ხელშეკრულება გააფორმა SOCAR-თან გაზის ნაკადების დროებით EU-სკენ გადამისამართებაზე. ამ შეთანხმებით რომლითაც საქართველო უფლებამოსილია, შეიძინოს გაზი SCP პროექტის ხელშეკრულებებით. შედეგად, ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებითი გამტარუნარიანობა - დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც გამოიყენებოდა აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის გაზრდილი ექსპორტისთვის ევროპის ქვეყნებში.
ევროკავშირი აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) და მისი გაგრძელებების, ტრანს-ანატოლიური და ტრანს-ადრეატიკული მილსადენებით გავლით იღებს. 2023 წელს მილსადენ SCP-ის სატრანზიტო დატვირთვამ 21.4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 1.6 მილიარდი კუბური მეტრით მეტი იყო. ამ მილსადენიდან საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის მიღების საკითხს შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულება არეგულირებს.
რაც შეეხება რუსეთიდან მიღებულ ბუნებრივ აირს, რუსულ გაზს საქართველო ჩრდილოეთი სამხრეთის მაგისტრალური მილსადენიდან ყიდულობს. ამ გაზსადენის საშუალებით რუსული Gazprom-ი სომხეთს ბუნებრივ აირს აწვდის. 2022 წელს ამ მილსადენის დატვირთვა 2.3 მილიარდი კუბური მეტრი იყო.