საქართველოში საბანკო გადახდების სიჩქარე სამუშაო საათის თუ დასვენების დღის მიუხედავად, 10 წამამდე დაჩქარდება. ამას ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის რეფორმა ითვალისწინებს. საუბარია ბანკიდან ბანკში თუ ბანკის შიდა გადარიცხვებზე.
BMG-ის კითხვაზე თუ რა დაჯდება ამ რეფორმის ჩატარება, სებ-ში პასუხობენ, რომ თავდაპირველ ეტაპზე გამოცხადდა ინფორმაციული უზრუნველყოფის შესყიდვის ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 6 მილიონი ევროა. ეროვნული ბანკის განმარტებით, პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება.
სებ-ის განმარტებით, მთლიანად რეფორმას სავარაუდოდ 2 წელი დასჭირდება.
“საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება - 85 მილიონი ევრო „საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის“ პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული პროექტი შედგება ოთხი ნაწილისგან, ერთ-ერთს, ღირებულებით 6.00 მილიონი ევრო, ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. აღნიშნული ნაწილი მოიცავს:
• მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვას და ტექნიკური მხარდაჭერას. ღირებულება დაზუსტდება გამოცხადებული ტენდერის შედეგების შესაბამისად;
• არსებული დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS (Real Time Gross Settlement)) სისტემის ძირეულ განახლებას;
• მყისიერი გადახდების სისტემის აპარატულ მოწყობილობას;
• სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებას;
• ტექნიკურ დახმარებას;
2023 წლის 17 თებერვალს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, შესყიდვის რეალური ღირებულება დადგინდება ყველაზე დაბალი ფასის მქონე წინადადების შესაბამისად,” - ნათქვამია სებ-ის განმარტებაში.
პროექტის შესახებ ეროვნულ ბანკში BMG-ის შემდეგ კითხვებს უპასუხეს:
- მოახდენს თუ არა გავლენას ეს პროექტი საბანკო სისტემაში გადარიცხვების დაჩქარებაზე? მაგალითად თუ იქნება შესაძლებელი გადახდები დაჩქარდეს არასამუშაო საათებში, ან ბანკთაშორისი გახადები შესაძლებელი იყოს შაბათ-კვირასაც და თანაც მაღალი სიჩქარით?
მყისიერი გადახდების სისტემა გადახდებს დაამუშავებს 24/7/365 რეჟიმში, რაც ნიშნავს რომ მომხმარებელს წელიწადის ნებისმიერ დღეს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში საშუალება ექნება განახორციელოს მყისიერი გადახდა. მყისიერი გადახდის შესრულების მაქსიმალურ დროდ განსაზღვრულია 10 წმ.
- ამ სისტემას მხოლოდ სებ-ი დააყენებს თუ კომერციულმა ბანკებმაც უნდა შეიძინონ ის სპეციალური პროვაიდერებისგან?
ეროვნული ბანკი განახორციელებს მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვას, ასევე მის მართვას/ოპერირებას, ხოლო კომერციული ბანკები და სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერები იქნებიან სისტემის მონაწილეები, რაც ტექნიკურ დონეზე გულისხმობს მყისიერი გადახდების სისტემასთან მათ ინტეგრაციას.
- როდის არის ნავარაუდევი ამ პროექტის ამოქმედება და გადარიცხვების დაჩქარება?
პროექტის ვადა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა სავარაუდო ვადად 2 წელი შეგვიძლია დავასახელოთ.