მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის უმთავრეს წყაროდ აზერბაიჯანი რჩება, გაიზარდა იმპორტი რუსეთიდან - სემეკის ანგარიში

გაზი მილსადენი

სემეკის წლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ აზერბაიჯანი რჩება. სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით საქართველო აზერბაიჯანიდან მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 80%-ს იღებს.

ამავდროულად, საქართველო ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანზიტს რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, რომელიც 2023 წელს 9 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებელს.

“2023 წელს 2022 წლის მსგავსად შეინიშნებოდა რუსეთიდან ბუნებრივი გაზის მიღების შედარებით მაღალი მაჩვენებელი, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ქვეყნის შიგნით ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოხმარებით, კერძოდ, პიკური დღიური მოხმარებების მაღალ ნიშნულზე ყოფნით (15-20 მლნ.კუბ.მ-ის ფარგლებში). ამასთან, აზერბაიჯანის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიღების წერტილების დაკონტრაქტებული სიმძლავრეები ვერ უზრუნველყოფდა შიდა მოხმარების სრულად დაკმაყოფილებას და საჭირო გახდა დამატებითი ბუნებრივი გაზის შემოტანა”,- აღნიშნულია სემეკის ანგარიშში.

2023 წელს საქართველოს ბაზარზე ბუნებრივი გაზის მოთხოვნამ 2,966 მლნ კუბ.მ შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე უმნიშვნელოდ მცირეა. სულ იმპორტით დაკმაყოფილდა ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.5%, დანარჩენი კი - ადგილობრივი მოპოვებით. საქართველოში ბუნებრივი გაზის იმპორტი და ადგილობრივი წარმოება სულ ოთხმა მიმწოდებელმა მოახდინა: სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, შპს „ბაგო“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და შპს „ბუქაფ სოლუშენზი“.

გასულ წელს საქართველომ სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან (SCP) ტრანზიტის სანაცვლოდ 413 მლნ. კუბ.მ. გაზი მიიღო, რაც 2022 წლის მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება. სამხრეთ კავკასიური, იგივე ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანზიტი ხდება. 2023 წელს, ჯამურად საქართველომ აზერბაიჯანიდან 2,457 მლნ. კუბ.მ. ბუნებრივი გაზი მიიღო, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება. როგორც მიმდინარე წლის მარტში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ სამხრეთის გაზის დერეფნის მინისტერიალზე განაცხადა, საქართველომ ევროკავშირის სასარგებლოდ 1.1 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა დათმო.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთკავკასიური მილსადენიდან საქართველო შეღავათიან ფასად იძენს ე.წ. სოციალურ გაზს, რომელსაც გამოიყენებს მოსახლეობისა და თბოსადგურების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, ამ სეგმენტში ბუნებრივი გაზის როგორც საბითუმო, ისე საცალო ფასები მნიშვნელოვნად დაბალია კომერციულ სეგმენტთან შედარებით. საბითუმო დონეზე სოციალური გაზის ფასის შეფასება შესაძლებელია კომისიის მიერ სამომხმარებლო ტარიფის დადგენისას გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ფასის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სხვადასხვა დონის სუბსიდირების გათვალისწინებით საშუალოდ 0.26 თეთრ/კუბ.მ-ს შეადგენს.

ამასთან, გასულ წელს რუსეთიდან 596 მლნ. კუბ.. გაზის მიღება მოხდა, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ რუსეთიდან 110.2 მილიონი დოლარის ღირებულების გაზი მიიღო, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საპირისპიროდ, 9%-ით შემცირდა გაზის შესყიდვა აზერბაიჯანიდან და 313 მილიონი დოლარი შეადგინა.

2023 წლის დეკემბერში BMG-ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, რომ რუსეთიდან გაზის შესყიდვის მატება ქვეყანაში ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნით იყო განპირობებული, ხოლო აზერბაიჯანიდან ქვეყანა იღებს იმდენ გაზს, რამდენის მიღების შესაძლებლობასაც სამართლებრივ ტექნიკური გარემოებები იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები