საქართველოში საქორწინო ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კომპანია VIVAAH WEDDING PARTIES ORGANAZING-ს 592 613 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა.
VIVAAH WEDDING-ი ქორწილების დაგეგმვისა და ორგანიზების წამყვანი კომპანიაა, რომელიც კლიენტებს სთავაზობს ქორწილთან დაკავშირებით ყველა ტიპის მომსახურებას: ადგილის შერჩევას, გადაღებას, საქორწილო დეკორაციებს და სხვა სახის მომსახურებას. ასევე საკმაოდ ფართოა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც როგორც საიტზე ვკითხულობთ, კომპანია ქორწინების ცერემონიას აორგანიზებს.
როგორც ირკვევა, დუბაიში რეგისტრირებული კომპანიისგან ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგულ სარეკლამო მომსახურებას სამ ეტაპად ერთი წლის განმავლობაში მიიღებს. ხელშეკრულების დანართების თანახმად, სარეკლამო ღონისძიებები ძირითად საქორწინო მიმართულებით საქართველოს პოპულარიზებას ეხება. ღონისძიებები დუბაისა და ინდოეთის სამ ქალაქში გაიმართება: მუმბაიში, დელიში და აჰმედაბადში. კიდევ ერთი ღონისძიების ჩატარება იგეგმება დუბაიში.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც მომსახურების, ასევე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით გაწეულ ყველა ხარჯს.
სარეკლამო მომსახურება შემდეგ აქტივობებს მოიცავს:
როუდშოუ - დუბაი (არაბთა გაერთიანებული საამიროები):
- განხორციელების პერიოდი: 2026 წლის მარტი;
- აღწერა: დუბაიში როუდშოუს (Road Show) ღონისძიების ორგანიზება 60-100 პოტენციური შემსყიდველისთვის (ქორწილის დამგეგმავები, ღონისძიების ორგანიზატორები).
- მისაწოდებელი სერვისები: ღონისძიების სივრცის დაქირავება, კვებით უზრუნველყოფა (ქეითერინგი), აუდიო-ვიზუალური აღჭურვილობა და ლოგისტიკური მხარდაჭერა B2B შეხვედრებისა და პრეზენტაციებისთვის.
მიკროსაიტის შემუშავება და მართვა:
- სპეციალური B2B მიკროსაიტის დიზაინი, შექმნა და ჰოსტინგი (weddingtouring.ge ან მსგავსი).
- კამპანიის პერიოდის განმავლობაში მიკროსაიტის შინაარსის (კონტენტის) განახლება და ტექნიკური გამართულობა.
ციფრული მარკეტინგული აქტივობები:
- განხორციელების პერიოდი: ივლისი - დეკემბერი 2026
- სამუშაოს მოცულობა (Scope): ციფრული მარკეტინგული კონტენტის შექმნა, ადაპტირება და განთავსება სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და პროფესიულ პლატფორმებზე.
- მართვა: ფასიანი სარეკლამო განთავსებების შესყიდვა და მართვა საერთაშორისო ქორწილის დამგეგმავების (Wedding Planners) მიზნობრივ აუდიტორიად განსაზღვრისთვის.
ქართული ტურიზმისთვის ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზარია. 2025 წელს ინდოეთიდან ჯამში 142.5 ვიზიტი შედგა, წლიურად ზრდა 15%-ია. ინდოეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა კი, ჯამში 290 მლნ ლარი დახარჯეს, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2,034.5 ლარი იყო. საქსტატის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილი სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2024 წელთან შედარებით. ინდოელი ვიზიტორების დანახარჯები შემცირებულია - თუ 2024 წელს ვიზიტზე საშუალო ხარჯი 3,733 ლარი იყო, შარშან 2,034.5 ლარამდე შემცირდა.
ცნობისთვის: 2025 წელს, ტურიზმის ადმინისტრაციამ ინდურ ბაზარზე ტურიზმის მარკეტინგის წარმართვისთვის 407 ათას დოლარად კომპანია THINKSTRAWBERRIES LUXURY TRAVEL MARKETING PVT-ი დაიქირავა.
ფოტო წყარო: wedding-in-georgia.com




























