მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სარეიტინგო სააგენტო Scope-მა MBC-ის საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

scope

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Scope-მა მიკრობანკ MBC-ის საკრედიტო რეიტინგი "B სტაბილური" შეფასებიდან "B+ პოზიტიურამდე" გაზარდა. ამასთან, Scope-ი აღნიშნავს, რომ საქართველოში მიკრობანკის სტატუსის დამკვიდრება პოზიტიურ ნაბიჯს წარმოადგენს და ის საფინანსო სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„საქართველოში მოქმედი მიკრობანკების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია საფინანსო სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, პროდუქტების შეთავაზებებისა და მომსახურებების ასორტიმენტის გასაფართოებლად და მეწარმეებისა და თვითდასაქმებულთა მხარდასაჭერად, რაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“,- ნათქვამია Scope-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.

საქართველოს მიკრობანკების შესახებ Scope-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ მოსალოდნელია ამ სექტორის სწრაფი ზრდა და ის სავარაუდოდ წლიურად 1 მილიარდი ლარით მოიმატებს.

„მიუხედავად მოლოდინისა, რომ მიკროსაფინანსო სექტორთან (რომელიც 2024 წლის სექტემბრისთვის 2.3 მილიარდს შეადგენდა) შედარებით მიკროსაბანკო სექტორი უფრო მცირე ზომის იქნება, გვჯერა, რომ უფრო დიდი მოცულობის სესხების გაცემის შესაძლებლობის ხარჯზე მიკროსაბანკო სექტორი სწრაფად გაიზრდება. დაკრედიტების მოცულობის 20%-იანი წლიური ზრდის დაშვებით, 2026 წლისთვის შესაძლოა სექტორის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს მიაღწიოს“, - აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა, სხვა სუბიექტებსაც შეუძლიათ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენა. საქართველოს ეროვნულ ბანკს, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მკაცრი, ერთწლიანი ვადა აქვს განსაზღვრული. აღსანიშნავია ისიც, რომ განაცხადის უარყოფის შემთხვევაში, ორგანიზაციებს შეუძლიათ ხელახლა გააკეთონ განაცხადი შეზღუდვების გარეშე.

Scope Ratings-ი ევროპული საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოა, რომელიც სახელმწიფოების, საფინანსო ინსტიტუტებისა და კორპორაციებისთვის დამოუკიდებელ საკრედიტო რეიტინგებს, კვლევებს და რისკების ანალიზს ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ემბისის“ შემდეგ მიკრობანკის ლიცენცია მიმდინარე წლის 12 თებერვალს სს "კრისტალზეც" გასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები