მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუბარია [საფრანგეთისგან] საკრედიტო დახმარებებზე, ეს არ არის საჩუქარი - ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი

მმართველი გუნდი კვლავ ირწმუნება, რომ საქართველოს საფრანგეთისგან პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება არ მიუღია. ამჯერად, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა კომენტარი და ჟურნალისტებთან თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სწორი განცხადება გააკეთა.

რაც შეეხება საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 2012 წლიდან საქართველომ საფრანგეთისგან 945 მილიონი ევროს საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, დავითაშვილის თქმით, ეს თანხები სესხია და არა საჩუქარი.

„მოდით განვმარტოთ, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი შალვას [პაპუაშვილი] განცხადება იყო ასევე მართალი, ჩვენ პირდაპირ ფინანსურ ტრანსფერებს, დახმარებებს ამ შემთხვევაში არ ვიღებთ, ანუ საჩუქრის სახით. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ უნდა დავაფასოთ ის თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც გვაქვს სხვადასხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ღირებულია თანამშრომლობა და პარტნიორობა საფრანგეთთან და ვფიქრობ, რომ უნდა ვიყოთ მადლიერები, როდესაც საუბარია დახმარებებზე, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია საკრედიტო დახმარებებზე, ეს არ არის საჩუქარი, ეს არის სესხი, აქ არის ქვეყნებს შორის რაციონალური ურთიერთობები. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ამ თუ იმ სექტორს, მათ შორის ენერგეტიკასაც, ეხმარება, მაგრამ გვესმის, რომ ამის უკან პასუხისმგებლობები გვაქვს და ამ სესხებს უნდა მოვემსახუროთ“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გააძლიეროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მიმართ. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგია. სწორედ ელჩის ამ განცხადებაზე კომენტირებისას თქვა შალვა პაპუაშვილმა, რომ საქართველო საფრანგეთისგან პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას არ იღებს.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადება „აბსოლუტური სიმართლეა“ და საქართველოს საფრანგეთისგან პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება არასდროს მიუღია.

საფრანგეთის საელჩოს მონაცემებით, 2012 წლიდან საქართველომ 945 მილიონი ევრო მიიღო, რომლის უდიდესი ნაწილი, 724 მილიონი ევრო, საბიუჯეტო სესხებია. უფრო დეტალურად, თანხები ასე ნაწილდება:

  • ენერგეტიკა - 415 მლნ ევრო;
  • სოციალური დაცვა - 201 მლნ ევრო;
  • კერძო სექტორი - 185 მლნ ევრო;
  • სასმელი წყალი და წყალარინები - 95 მლნ ევრო;
  • სარწყავი სისტემა - 49 მლნ ევრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები