მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავალუტო რეზერვების შესავსებად ხელსაყრელი სიტუაცია შესაძლოა, დიდხანს არ გაგრძელდეს - გიორგი ხიშტოვანი

ხიშტოვანი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ეროვნული ბანკის მხრიდან სწორი მიდგომაა, რომ მოცემულ ვითარებაში სებ-ი სავალუტო რეზერვების შევსებაზეა ორიენტირებული.

როგორც ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, ეროვნულმა ბანკმა დღეს არსებული ხელსაყრელი პირობები რეზერვების დასაგროვებლად მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რადგან მისი შეფასებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მსგავსი მაკროეკონომიკური გარემო მომავალშიც გრძელვადიანად შენარჩუნება.

„კარგი ფაქტია, რომ ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვას აგრძელებს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ამას ხელს უწყობს, საბანკო სექტორში დოლარის რესურსზე შემცირებული მოთხოვნაა. მეორე ფაქტორი ისაა, რომ იმპორტი მცირდება, მათ შორის აპრილშიც ვიხილეთ იმპორტის შემცირება. ეს კი თავის მხრივ, საყურადღებოა, რადგან იმპორტის შემცირება იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობა შენელების გზას ადგას. თუმცა კარგია, რომ ამას ის პოზიტივი მაინც ახლავს, რომ ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა აქვს, რეზერვები შეივსოს. კარგია, რომ ეროვნული ბანკი ამ გარემო ფაქტორებით სარგებლობას, რადგან არ მგონია, რომ ეს კარგი სიტუაცია დიდხანს გაგრძელდეს.

თუ დოლარმა სწრაფი გამყარება დაიწყო, ეს დააწვება ქართულ ლარს, ასევე მოსალოდნელია ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. ამიტომ მე ვურჩევდი ეროვნულ ბანკს, რეზერვების შესყიდვის პროცესი დააჩქაროს, რადგან ეს ყოველმხრივ ხელსაყრელი სიტუაცია, შესაძლოა, დიდხანს არ გაგრძელდეს“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, როგორც პარლამენტში დღეს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა, წელს განხორციელებული სავალუტო რეზერვების შესყიდვები შარშანდელ წმინდა გაყიდვებს, ანუ დაახლოებით 435 მლნ დოლარს ბევრად აჭარბებს.

2025 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები