ფინანსისტის და ბიზნესის მრჩევლის, ნიკოლოზ შურღაიას შეფასებით, კომერციული ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნების ზრდა ძირითადად საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვებას უკავშირდება.
როგორც შურღაიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზანი არა დედოლარიზაცია, არამედ შემცირებული საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებაა.
ამასთან, ფინანსისტი მიიჩნევს, რომ კომერციული ბანკების წარმომადგენლები ღიად უნდა საუბრობდნენ საფინანსო სექტორში შექმნილ ვითარებაზე.
„ეროვნულმა ბანკმა ორი გადაწყვეტილება მიიღო, ერთი გადაწყვეტილება უკავშირდება უცხოურ ვალუტაში სესხის აღების შეზღუდვას, ეს სავარაუდოდ, თვალის ასახვევად გაკეთდა. მნიშვნელოვანი იყო ბანკებისთვის ხუთი პროცენტული პუნქტით სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 530 მლნ დოლარის ლიკვიდობა ამოიღო ცენტრალურმა ბანკმა კომერციული ბანკებისგან. სავარაუდოდ, ამის ნამდვილი მიზანი არის არა დედოლარიზაცია, არამედ მიზანი, რომ აჩვენონ, საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დიდი გვაქვს. ეს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებში ჩაითვლება. თუმცა ეს მთლიანი რეზერვებია და რადგან ასეთ ხრიკებთან გვაქვს საქმე, უნდა შევხედოთ წმინდა რეზერვების მოცულობას, რასაც ვალდებულებები აკლდება. ჩვენი წმინდა რეზერვები წინა თვის ბოლოს უკვე 3 მლრდ დოლარს დაუახლოვდა და ახლა ვნახოთ რა მოცულობაზე იქნება ნოემბერში. მე მოქმედი ბანკირი არ ვარ, მაგრამ მოქმედი ბანკირები უნდა საუბრობდნენ ამ საკითხებზე“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.
თავად მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების პირობებში სებ-ში განთავსებული სახსრები საქართველოს სავალუტო რეზერვების შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მათი ზრდა რეზერვების ზომის ზრდასაც გამოიწვევს.