მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო რეზერვები ბანკების სარეზერვო მოთხოვნების გაზრდის ხარჯზე შეივსო, ეს ხელოვნური ზრდაა - შურღაია

ნიკოლოზ შურღაია

ფინანსისტის და ბიზნესის მრჩევლის, ნიკოლოზ შურღაიას შეფასებით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით სავალუტო რეზერვების მოცულობის ზრდა ბანკებისთვის დაწესებულ ახალ სარეზერვო მოთხოვნას უკავშირდება.

როგორც ფინანსისტმა BMG-ის განუცხადა, მიუხედავად თვიურ ჭრილში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების ზრდისა, სავალუტო აქტივების წმინდა მოცულობა არ გაზრდილა, რადგან ბანკების მიერ დამატებით დარეზერვებული თანხები ეროვნული ბანკის ვალდებულებას წარმოადგენს.

ნიკოლოზ შურღაიას გათვლებითვე, უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების 5% პროცენტული პუნქტით გაზრდა ბანკების მიერ ჯამურად დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის დარეზერვებას ნიშნავს.

„ახლა ის დროა, რომ წმინდა სავალუტო რეზერვებზე ვისაუბროთ და არა ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებზე. ოფიციალური სარეზერვო რეზერვები ამ შემთხვევაში კომერციული ბანკების ფულით შეივსო, ეს თანხები კი ეროვნული ბანკის ვალდებულებაა. ნოემბერში საერთაშორისო რეზერვები 4.1 მლრდ დოლარი იყო. ამაზე ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი დაიმატა, რეზერვების შევსება კომერციულ ბანკებიდან მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაზრდის ხარჯზე მოხდა. ამბობენ, რომ რეზერვები 300 მლნ დოლარით გაიზარდაო, თუმცა ამას კომერციული ბანკებიდან მოტანილ თანხებს, 500 მლნ დოლარს თუ გამოვაკლებთ, გამოვა, რომ რეზერვები 3.9 მლრდ დოლარი იქნებოდა, რომ არა ეს ხელოვნური ზრდა“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.

ფინანსისტის შეფასებითვე, ქვეყანაში არსებული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულ ბანკს მომავალში სავალუტო რეზერვების შევსება გაუჭირდება.

„საიდან ივსება სავალუტო რეზერვები? რეზერვები იმ ქვეყნებს ეზრდებათ, რომლებსაც მეტი ექსპორტი აქვთ, ვიდრე იმპორტი. ეს ჩვენ არ გვაქვს. ამას ნაწილობრივ შეიძლება ეხმარებოდეს საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხები, თუმცა ესეც არ ჩანს ახლა. ამას შეიძლება ეხმარებოდეს უცხოური ინვესტიციების შემოდინებაც, თუმცა ესეც არ ჩანს. ეს ყველაფერი კი რეზერვების შემცირებას იწვევს“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 4.4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში შემცირებაა, თვის ჭრილში კი ზრდა. დეკემბერში წინა წლის საანგარიშო თვესთან შედარებით მთლიანი რეზერვები 562 მლნ დოლარით შემცირდა, 2024 წლის ნოემბერთან შედარებით კი 323.6 მლნ დოლარით გაიზარდა.

თვიურ ჭრილში რეზერვების ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 2024 წლის 19 დეკემბრიდან გაეზარდათ. სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სავალუტო დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით ზრდის გადაწყვეტილება 27 ნოემბერს მიიღო. სარეზერვო მოთხოვნების მატების შემდეგ, რეზერვების მოცულობის ზრდა მოსალოდნელი იყო.

ამასთან, თავად ეროვნულ ბანკში აცხადებდნენ, რომ ბანკებისთვის სარეზერვო ნორმის გაზრდა სავალუტო რეზერვებს დაახლოებით $300-340 მლნ-ით გაზრდიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები