საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შესყიდვის დაწყებას გეგმავს - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ეს კი იმ ფონზე, რომ 2025 წლის თებერვალში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 202 მილიონი დოლარით შემცირდა და 4.23 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას შეფასებით, სებ-მა შესაძლოა, გარკვეული მოცულობით მართლაც მოახერხოს რეზერვების გაზრდა. თუმცა როგორც შურღაია BMG-სთან აცხადებს, გაუარესებული გლობალური პირობების და გაზრდილი შიდა რისკებიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში სავალუტო რეზერვების დიდი მოცულობებით დაგროვების პერსპექტივა არ ჩანს.
“ეროვნული ბანკი ამბობს, რომ რეზერვების შემცირების მიზეზი საგარეო ვალის გადახდაა, თუმცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა არის რეზერვების კლების განმაპირობებელი ფაქტორი. 25.3 მლრდ დოლარია საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, ჩვენი რეზერვები კი 4.2 მლრდ-ია. ის, რომ მიმდინარე წელს ეროვნულ ბანკს კურსის “დასაჭერად” რეზერვები არ გაუყიდია, არ ნიშნავს, რომ ახლა კარგი სურათი გვაქვს. შესაძლებელია, მცირე და ეტაპობრივი შემოდინებაა, მაგრამ ნაკადული და მდინარე არ უნდა შევადაროთ ერთმანეთს. ფუნდამენტური ფაქტორები ახლა არაა სახარბიელო. საგარეო ვალის აღების პირობები უფრო უარესი იქნება, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. გარდა ამისა, საქართველოს რისკის პროფილი უკეთესად ნამდვილად არ გამოიყურება, უფრო გაუარესდა. შესაბამისად, ეს რეზერვებზე წნეხია.
უახლოეს ხანებში სავალუტო რეზერვების შევსების მნიშვნელოვან წყაროს ვერ ვხედავ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იკლებს, კლება წლიურად 30%-ია. საქართველოს სავაჭრო ბალანსი და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უარყოფითია. მოკლე ვადაში 10 მლნ დოლარი რომ ვიყიდოთ და შემდეგ 250 მლნ დოლარი გადასახდელი გვქონდეს, როგორი მათემატიკაა? ახლა რომ ლარის კურსი შედარებით მყარია, ეს არაფერს არ ნიშნავს. საკითხი ისაა, რომ ფუნდამენტური ფაქტორები ახლა ჩვენს წინააღმდეგაა განწყობილი”, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.
ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, თებერვალში რეზერვების კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არა ეროვნული ბანკის, არამედ საქართველოს მთავრობის ოპერაციები გახდა, რაც სახელმწიფო ვალის მომსახურებას უკავშირდებოდა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, სებ-ს არც იანვარში და არც თებერვალში სავალუტო ბაზარზე დოლარი არ გაუყიდია.