ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც bm.ge-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საწარმო უახლოეს მომავალში ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას შეძლებს.
„ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონურ კომპანიას - „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ. სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტაში“ ჯუანშერ ბურჭულაძეს ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა იოსებ ლოლაძემ სამხედრო მრეწველობის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებიც გააცნო. „დელტაში“ თავდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები - დავით ჭიჭინაძე და გიორგი ხაინდრავა, ასევე სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციისთვის: თავდაცვის მინისტრმა ჯერ კიდევ ივნისში, პარლამენტში განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვება დაიწყება.