ეროვნული ბანკი განაგრძობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლას, თუმცა ფრთხილად აანალიზებს ახალ მონაცემებს და ითვალისწინებს არსებულ რისკებს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული აუდიენციის შემდეგ განაცხადა.
დღეს, ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერს შეხვდნენ.
ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ფასების სტაბილურობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯზე და აღნიშნა, რომ ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მისივე თქმით, იმპორტის ზომიერი ზრდის ფონზე, საგარეო სექტორის ბალანსი კვლავ მდგრადია ექსპორტის, მათ შორის IT და მომსახურების სექტორის ზრდის ხარჯზე.
"სავალუტო ბაზარზე სტაბილური ვითარება ნარჩუნდება, რაც საშუალებას გვაძლევს განვაგრძოთ რეზერვების დაგროვება. ეროვნული ბანკი განაგრძობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლას, თუმცა ფრთხილად აანალიზებს ახალ მონაცემებს და ითვალისწინებს არსებულ რისკებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ფაქტორებს, ასევე იმ დადებით შედეგებს, რომელიც გატარებული ეკონომიკური პოლიტიკით იქნა მიღწეული. ხაზი გაესვა ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარებას, ფინანსური სექტორის მდგრადობასა და რეგიონულ გაფართოებას.
შეხვედრაზე ისაუბრეს დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოური ვალუტის სესხების ლიმიტის 400 ათას ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილებას.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა. ეს 2021 წლის თებერვლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.