მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

64607fc04d3fc
შოთა ტყეშელაშვილი
14.05.23 10:20
1008
სტატიაში საუბარია:
გთავაზობთ გასული კვირის მნიშვნელოვან ეკონომიკური მოვლენებს (8-14 მაისი):

1) ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით შეამცირა

10 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5% პროცენტს შეადგენს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში ინფლაციის შემცირება გახდა, რადგანაც აპრილში ინფლაციის დონე სამიზნე 3%-ს ჩამოსცდა და 2.7% შეადგინა. სებ-ის გადაწყვეტილებაზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


2) IMF-მა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა

11 მაისს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა; ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ჯეიმს ჯონის განცხადებით, ფონდმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და ის 10%-მდე გაზარდა. ამასთან, IMF-ის მისიასა და საქართველოს შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მეორე მიმოხილვის დასრულების თაობაზე. IMF-ის თანახმად, ქვეყანამ ფონდის რეკომენდაციები თითქმის სრულად შეასრულა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


3) რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შემოიღო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ 10 მაისს გამოცემული განკარგულებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ.


4) რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან ავიაემბარგო გააუქმა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა 2019 წლის 21 ივნისს, საქართველოსთან დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმებას. აღნიშნული ემბარგო 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ იყო დაწესებული, რის გამოც, რუსეთთან ავიამიმოსვლა მესამე ქვეყნების (ძირითადად სომხეთის) გავლით ხორციელდებოდა. პირდაპირი ფრენების ნებართვა 15 მაისიდან გაიცა.


5) კომპანიები, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებენ შესაძლოა სანქციების რისკის ქვეშ დადგნენ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეებში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან,”- ნათქვამია სახ. დეპის მიერ Accent-ისთვის გაგზავნილ პასუხში. საკითხზე განცხადება გააკეთა სახ დეპის სპიკერმა ვედანტ პატელმაც. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


6) ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სანქცირებული რუსული ხომალდები საქართველოში არ იფრენენ

ფრენები, რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის მიერ ავიაემბარგოს შესახებ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, კომპანიებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ განახორციელონ ფრენები.

„როცა ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის ცნობილი გახდა - მანამდეც ბევრი განცხადება მოგვისმენია და ამას ქმედება არ მოჰყოლია - გუნდში გვქონდა მსჯელობა. ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ ფრენები, მით უმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი. ერთი მცირე კომპონენტი და არა მთავარი,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ.



7) საქართველოში ფრენები რუსულ Ред Вингс-ს სურს

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვების მოსხნის შესახებ განაცხადა, რუსულმა ავიაკომპანია Ред Вингс-მა საქართველოში ფრენების სურვილი გამოთქვა. ავიაკომპანიას მოსკოვი-თბილისის რეისზე კვირაში 21 ფრენა სურს. როგორც როსავიაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია ჯამში სამ მიმართულებაზეა განაცხადი შესული: მოსკოვი-თბილისი; ყაზანი-თბილისი და სამარა-თბილისი. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ნებართვა [მუდმივი ან დროებითი] შემდეგ რუსულ ავიაკომპანიებს აქვთ: Азимут; Северный ветер; Аэрофлот; Уральские авиалинии; ЮВТ АЭРО; Смартавиа და Победа. ყველაზე მეტი რეისის შესრულების სურვილი Ред Вингс-ს აქვს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


8) ურჩი მოიჯარეების გაძევების დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი შესაძლოა დაინეროს

აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში (ქირავნობა; ნასყიდობა და სხვა) სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების) რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების ან/და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მხარეები წინასწარ თანხმდებიან იმაზე, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მესაკუთრეს დაჩქარებული წესით აღსრულება შეეძლება.

ინიციატივის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


9) კონცერტების პროგრამა Starring Georgia-ზე უკვე 13 მილიონი ლარი დაიხარჯა

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის თქმით, ორწლიანი ღონისძიებების ბიუჯეტი ჯამში 70 მილიონ ლარს მოიცავს. როგორც მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა წელს უკვე 13 მილიონი ლარი დაიხარჯა. "წლის ბოლომდე დამატებით ღონისძიებები დაემატება, რაც ბიუჯეტს 25-30 მილიონ ლარამდე გაზრდის. ასევე, წელს მხოლოდ Starring Georgia-ს ფარგლებში ველოდებით 150 000 სტუმარს და 150 მილიონი ლარის დამატებით შემოსავლებს ტურიზმის მიმართულებით", - განაცხადა მან.

31 აგვისტოს მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი Imagine Dragons-ის ყველა ბილეთი 12 მაისს, გამოქვეყნებიდან 7 საათში გაიყიდა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბენდ The Killers-ის ბილეთების გაყიდვა. კონცერტი 15 აგვისტოს ბლექ სი არენაზე იგეგმება. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


10) ქართული სტარტაპი Phubber-ი სომხეთში გავიდა

ონლაინ შოფინგის ქართული პლატფორმა Phubber-ი სომხეთში გავიდა, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ანანო დოლაბერიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„10 მაისს გავედით სომხეთში, ერევანში, გვქონდა ივენთი და მოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი, აპლიკაციაც დიდი რაოდენობით ადამიანმა გადმოიწერა, უკუკავშირი მომხმარებლისგან ძალიან კარგია და დიდი მოლოდინები გვაქვს“, - ამბობს ის.

ამასთან, მაისის ბოლოს კომპანია $400 000-ის ინვესტიციით აზერბაიჯანშიც გავა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები