მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ი WB-თან ერთად სავალუტო რეზერვების მართვის საინვესტიციო სტრატეგიის განახლებაზე მუშაობს

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით სავალუტო რეზერვების მართვის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. დღეს სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ტექნიკურ მისიას შეხვდა.

"საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) მისიის წარმომდგენლებს - გილერმე ალვეშს, ჰენრი ჰუასა და ჟერომ ტელეტშს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, ტაქტიკური აქტივების განაწილების (TAA) ჩარჩოს დანერგვა/განვითარება, სავალუტო რეზერვების საინვესტიციო სტრატეგიის განახლება და ოქროს მართვის პოლიტიკის სრულყოფა, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები,"- ნათქვამია სებ-ის პრესრელიზში.

არსებული მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. აგვისტოში რეზერვების ზომა 184 მილიონი დოლარით გაიზარდა. აღნიშნული სებ-ის მიერ დოლარის შესყიდვით არის განპირობებული, წელს სებ-მა სულ $1.5 მილიარდი შეისყიდა.

ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 15.1%-ს (786.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 286.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ამჟამად არსებული 5.2 მილიარდი დოლარის რეზერვები არ არის რეზერვების პიკური მოცულობა, რადგანაც საერთაშორისო რეზერვები მაქსიმუმზე 2023 წლის აგვისტოში იყო და 5.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2024 წლის მეორე ნახევარში - განსაკუთრებით კი წინასაარჩევნოდ ეროვნულმა ბანკმა 700 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც სავალუტო რეზერვების 4.1 მილიარდ დოლარამდე კლება განაპირობა. ამის გამო დღის წესრიგში რეზერვების შევსების აუცილებლობა დადგა, 2025 წლის განმავლობაში კი სებ-მა ჯამურად $1.5 მილიარდი შეისყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები