Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეკორდული, $65-მილიონიანი სავალუტო ინტერვენციას დადებით ჭრილში აფასებს და აღნიშნავს, რომ ლარის სტაბილურობის ეფექტები გაცილებით მაღალია, ვიდრე ინტერვენციების გზით გაწეული ხარჯი. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა BMGTV-ის "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.
"ადრე სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, ისეთ ქვეყნებს, სადაც ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შეუძლიათ ინტერვენციების განხორციელება, რათა ვალუტაზე ერთჯერადი შეტევები მოხსნილი იყოს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ბოლო ინტერვენციამდე, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს ვალუტის წმინდა შემსყიდველი იყო. თუმცა ბოლო $65 მილიონიანი ინტერვენციის შედეგად, სებ-ის წმინდა ვალუტის გაყიდვა დაახლოებით $30 მილიონს შეადგენს წლის დასაწყისიდან დღემდე, ჩვენი შეფასებით.
ინტერვენციები მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ლარის სტაბილურობის პოზიტიური ეფექტები უფრო მაღალია, ვიდრე ის ხარჯი რაც ეროვნულ ვალუტაზე ერთჯერადი ტრანზაქციების გასანეიტრალებლად იყო გაწეული. ამიტომ, მთლიანობაში, ეს პოზიტიურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ფუნდამენტური ფაქტორები მართლაც კარგი გვაქვს, რაც იმას განაპირობებს, რომ ლარის კურსის რყევები დიდი არ არის. სწორედ ამ ფუნდამენტური ფაქტორების სიძლიერე გადაწონის პოტენციური რისკებიდან მომდინარე უარყოფით მოლოდინებს, რომელიც მიმდინარედ არსებობს ბაზარზე", - ამბობს ლაშა ქავთარაძე.
16 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა რეკორდული 64.9 მილიონი დოლარი აითვისა.
ეროვნული ბანკი რეკორდულად დიდი $65-მილიონიანი სავალუტო ინტერვენციის შესახებ განმარტებას აკეთებს